საზოგადოება
ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ღვთისმშობლის ხატს სისხლი და მირონი სდიოდა
2012-06-20 15:38:09
ჩამოტვირთვა
ლაგოდეხის რაიონის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის ხატს, ექვსი დღის განმავლობაში, სისხლი სდიოდა.
აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 9 აპრილს დაფიქსირდა. ღვთისმშობლის ხატიდან სითხის დენა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეწყდა.
მოგვიანებით ამ ფაქტით საპატრიარქო დაინტერესდა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სოფელ ბაისუბნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაბრძანებული ხატიდან სინჯები ორჯერ აიღეს, თუმცა პასუხები საჯარო ამ დრომდე არ არის.
როგორც წმ. ნიკოლოზის ტაძრის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბელა ტეფნაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის ცნობილი გახდა ექსპერტიზის შედეგები.
ტეფნაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ოფიციალურად არ გაუხმაურებია საპატრიარქოს და მან ეს ინფორმაცია მეუფე სერგისგან შეიტყო.
„ორჯერ იყვნენ მოსულები საპატრიარქოს წარმომადგენლები. ერთხელ დილის ექვს საათზე და ერთხელ ღამით, თორმეტ საათზე. ისეთი პერიოდი შეარჩიეს, რომ თავისუფალი ყოფილიყო ტაძარი. სინჯების აღების შემდეგ ჩვენ მიტროპოლიტს, მეუფე სერგის ვკითხე რა პასუხი იყო. მან მითხრა, რომ ხატიდან ჩამოსული სითხე მირონიც არის და სისხლიც, თუმცა სისხლის ჯგუფის დადგენა ვერ ხერხდებაო,“- ამბობს ტეფნაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხატი ფოტოსურათის სახისაა და არ არის ხელნაწერი. ამის გამო სასულიერო პირებმა თავიდანვე გამორიცხეს იმის ალბათობა, რომ სითხე შეიძლება საღებავი ყოფილიყო.
ტაძრის ერთ-ერთი დამაარსებელი თვლის, რომ საპატრიარქოს არ სურს გაახმაუროს სინჯების პასუხები, რათა საზოგადოებაში პანიკა არ გაჩნდეს.
‘’მსგავსი ფაქტი აფხაზეთის ომის წინა პერიოდში დაფიქსირდა. ასევე მოხდა 2008 წელს. ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს ფრთხილი პოზიცია. საზოგადოებაში პანიკა და შიში რომ არ გაჩნდეს, ამის გამო არ ახმაურებენ," - აცხადებს ტეფნაძე.
შეგახსენებთ, რომ ხატი, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში მირონი და სისხლი სდიოდა ათონის მთიდან ხატმწერმა შოთა ცინცაძემ ჩამოიტანა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“ საპატრიარქოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი იციან და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოსთან გადაგვამისამართეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არც ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოში ფლობენ.
კომენტარები