საზოგადოება
დავით რუსიშვილს 21 წელი მიუსაჯეს - გახმაურებული საქმის დეტალები
2012-06-15 18:11:33
ჩამოტვირთვა
საქალაქო სასამართლოში თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა, ზურა ტარყაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვერდიქტი გამოიტანა და ბრალდებული, დავით რუსიშვილი, დამნაშავედ სცნო. სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და სასჯელთან მიმართებაში მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დავით რუსიშვილს, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასაჯელის სახით, 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზურაბ ტარყაშვილის დედა მიიჩნევს, რომ მკვლელი მსგავს განაჩენს იმსახურებდა.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის მესამე, არსებითი განხილვა, დღეს უკვე საბოლოოდ დასრულდა. რუსიშვილისადმი წაყენებულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ, გამოიტანეს.
საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, დაიკითხა 20 მოწმე, ასევე მხარეებმა გამოიკვლიეს საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარი და მყარად არგუმენტირებული იყო.
23 წლის ზურაბ ტარყაშვილი გასული წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. დავით რუსიშვილი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან ორ დღეში დააკავეს, მეორე ბრალდებული, ივერი გოგბერაშვილი, კი იმავე წელს უკრაინაში აიყვანეს.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, 2010 წლის მარტში, ზურა ტარყაშვილს შელაპარაკება მოუვიდა სანდრო გოგბერაშვილთან. გოგბერაშვილმა, ტარყაშვილს იარაღი დაადო თავზე, მას ტარყაშვილის მეგობრებმა იარაღიანი ხელი დააწევინეს, რა დროსაც სანდრო გოგბერაშვილმა რამდენჯერმე გაისროლა.
„ამ სროლის ხმაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე „არკაში“ (სადაც სანდრო გოგბერაშვილი და ზურა ტარყაშვილი იმყოფებოდნენ) შევარდა სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
კაჭარავას მიერ გასროლილი ტყვიით დაიჭრნენ ზურა ტარყაშვილი, დავით და ლევან ჩიჩუები... თორნიკე კაჭარავას მიერ გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხვდა მისივე მეგობარ სანდრო გოგბერაშვილსაც, რომელიც გარდაიცვალა.
ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა მისივე მეგობარმა, თორნიკე კაჭარავამ (მიმალვაში მყოფ თორნიკე კაჭარავას წაუყენეს სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა, დაუსწრებლად გაასამართლეს და 24 წელი მიუსაჯეს).
ის, რომ კაჭარავამ მოკლა სანდრო გოგბერაშვილი, ექსპერტიზამაც დაადასტურა. დადგინდა რომ: ტარყაშვილისა და ჩიჩუების სხეულიდან ამოღებული ტყვია იდენტური იყო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვიისა.
ივერი გოგბერაშვილმა, დავით რუსიშვილთან, ირაკლი აგლაძესთან და სხვა პირებთან ერთად საფლავზე დაიფიცა, რომ მოკლავდა ყველას, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მომენტში, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.
ივერი გოგბერაშვილმა, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, სხვებმა, იცოდნენ რომ ზურა ტარყაშვილს არ მოუკლავს სანდრო გოგბერაშვილი. იცოდნენ, რომ ზურა ტარყაშვილი უდანაშაულო იყო.. იცოდნენ, რომ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა თორნიკე კაჭარავამ, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს ზურა ტარყაშვილის მკვლელობა, რადგან იმ მომენტში იქ იყო“, - განაცხადა ბრალმდებელმა შოთა ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე.
კომენტარები