საზოგადოება
სასამართლო დარბაზი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს ელოდება
2012-06-14 15:10:24
ჩამოტვირთვა
ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში დავით რუსიშვილის ბრალეულობაზე ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებენ.
12 ნაფიცი მსაჯული ამ წუთებში სათათბირო ოთახშია გასული. დარბაზი მათ ვერდიქტს ელოდება.
23 წლის ზურა ტარყაშვილი გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოკლეს. რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომელსაც მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ტარყაშვილს ლაღიძის ქუჩაზე აედევნა. მას 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა იყო.
ამ დროისთვის მკვლელობის მუხლით ბრალი წაყენებული მხოლოდ სამ პირს აქვს: ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს. დაკავებულია ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი, ირაკლი აგლაძე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.
დავით რუსიშვილი პოლიციამ მკვლელობის მესამე დღეს დააკავა, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა თუ როგორ უთვალთვალებდა ზურას, როგორ დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა ნაფიც მსაჯულთა წინაშე.
პროცესზე დაიკითხა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე, მტკიცებულებები წარმოადგინეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
სწორედ აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ ნაფიცებმა გადაწყვეტილება, არის თუ არა მკვლელი დავით რუსიშვილი და მისი პატიმრობის ვადა განსაზღვრონ.
23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, მესამე საქმეა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
კომენტარები