მსოფლიო
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - საქმე #1
2012-06-13 20:20:12
ჩამოტვირთვა
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე ნომერი 1 სტრასბურის სასამართლომ, დღეს ბოლოჯერ განიხილა.
70 გვერდიანი ქართული სარჩელი, 150 დეპორტირებულის საქმეს ასახავს. მათ შორისაა დეპორტაციის პროცესში გარდაცვალების 3 შემთხვევაც. სარჩელის თანახმად, რუსეთმა 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებისა და ეროვნებით ქართველების დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10 მუხლი დაარღვია.
საქმეს 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა განიხილავს, რომელშიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები შედიან.
სასამართლოს წინაშე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი და მისი რუსი კოლეგა გიორგი მატიუშკინი, თავიანთი არგუმენტებით წარსდგნენ.
რუსულმა მხარემ კვლავ არ წარმოადგინა ის დოკუმენტები, რომელიც ქვეყანაში 2006 წელს მიიღეს და რომელიც შესაბამის ორგანოებს ქართველების ქვეყნიდან გაძევებას ავალებს.
სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა, 2006 წლის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სრულიად კანონიერი იყო.
ქართველი კანონმდებლებისთვის რუსეთის ამგვარი საქციელი გასაკვირი არ არის, რადგან მეზობელი ქვეყანა არაადეკვატური და აბსურდული განცხადებებით უკვე დიდი ხანია გამოდის.
დღესვე, რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში მცხოვრებ 9 000 მეტ არალეგალს დეპორტაცია ემუქრება. საიმიგრაციო სამსახურის უფროსის, კონსტანტინ რომოდანოვსკის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს 9 000-ზე მეტმა მოქალაქემ, დაშვებული 90-დღიანი უფლება დაარღვიეს. მისივე თქმით, ამ ადამიანების ბედს სასამართლო გადაწყვეტს.
ქართულმა მხარემ პირველი სარჩელით ევროპულ სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რომელშიც რუსეთი ეთნიკურ წმენდაშია დადანაშაულებული. მოგვიანებით, 2009 წელს საქართველომ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა.
გადაწყვეტილებას მოსამართლეები რამდენიმე თვეში მიიღებენ.
კომენტარები