მსოფლიო
რუსმა გოგონამ საკუთარ სამშობლოს საქართველო ამჯობინა
2012-06-13 18:10:28
ჩამოტვირთვა
25 წლის ანა კოროზეინიკოვა, თითქმის, ერთი წელია, თბილისში ცხოვრობს. მშობლიური რუსეთი მან, საქართველოს სიყვარულის გამო, მიატოვა. როგორც თავად იხსნებს, საქართველოში პირველად 2009 წელს, ტურისტის სტატუსით, ჩამოვიდა, ჩვენი ქვეყნის სილამაზითა და ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლულმა, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო -საქართველოში სამუდამოდ დამკვირდება.
თბილისში სამუდამოდ გადმოსახლების შემდეგ, ანამ სამსახურის ძებნა დაიწყო, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით, მას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ნუგზარ წიკლაური, დაეხმარა, რომელმაც ანას საკუთარ ტურისტულ კომპანიაში დააწყებინა მუშაობა.
ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად აეწყო, იმ ქვეყანაში დასახლდა, რომელიც შეუყვარდა, მუშაობაც იმავე სფეროში განაგრძო, რომელ სფეროშიც რუსეთში 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, თუმცა წინააღმდებობების გადალახვამ მაინც მოუწია. მეგობრებსა და ნათესავებს არ ესმოდათ, რატომ გადაწყვიტა ანიამ სწორედ იმ ქვეყანაში გამგზავრება, სადაც რუსი პოლიტიკოსები ასე მონდომებით აკრიტიკებენ და ხშირად ლანძღავენ კიდეც.
თბილისში დასახლებული და საქართველოზე შეყვარებული ანიას საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ გოგონა ძალიან ბედნიერია, ქართულად წერა-კითხვაც კი ისწავლა და ნელ-ნელა ქართულ ენასაც ეუფლება. ახლა მას მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს, უცხოელი ტურისტები საქართველოთი ისე მოხიბლოს, როგორც თავად მოიხიბლა წლების წინ. აღსანისნავია ისიც, რომ სულ მალე ანია კოროზეინიკოვა საქართველოს მოქალაქე ოფიციალურადაც გახდება, შესაბამის უწყებაში მისი საბუთები უკვე გაგზავნილია და დადებითი პასუხის შემთხვევაში მის პასპორტში „მოქალაქეობა-საქართველო“ ჩაიწერება.
კომენტარები