მსოფლიო
ფასდაუდებელი ქველმოქმედება - უანგაროდ გაცემული სისხლი
2012-06-12 19:18:11
ჩამოტვირთვა
ზურაბ გაჩეჩილაძე, მეტსახელად შონზო, რამდენიმე წელია, რაც უანგარო დონორია. ჩვენი სიუჟეტის გმირი დღეს თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა, ამბობს, რომ ქველმოქმედებას ხმაური არ უხდება, თუმცა, მისი დაყოლიება მაინც შევძელით, შონზო „აიტივის“ თავის განცდებს უზიარებს, რას გრძნობს მაშინ, როდესაც ადამიანებს ეხმარება.
ჩვენი სიუჟეტის შემდეგი გმირი მამუკა ქაცარავაა, პროფესიით ექიმი, თურმე სტუდენტობიდან უანგარო დონორია. ყოველ წელს, სისხლს აბარებს და კმაყოფილია, რომ ხალხს ეხმარება. ცხოვრების წესად ეს ერთგვარი ქველმოქმედება ისე ექცა, რომ ამას უკვე თავის მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნევს.
14 ივნისი სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა, ამ დღის აღსანიშნავად, დღეიდან, მთელი კვირის განმავლობაში, თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში ღონისძიებები მოეწყობა. „ყველა დონორი გმირია“ – ამ ეგიდით გამართულ ღონისძიებათა მიზანია უსაფრთხო სისხლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მადლობის გამოხატვა ყველა იმ დონორისათვის, რომლებიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
დღეს ქართველ დონორებს სპეციალური სამადლობელი დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები, ტკბილეული, გადასცეს. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავს კეთილშობილურ აქციაში, ყველა ის ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს.
კომენტარები