საზოგადოება
სიახლე თბილისის სამარშრუტო ტაქსებში
2012-06-07 19:07:19
ჩამოტვირთვა
„თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშება და სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორები დამონტაჟდება, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლი განთავსდება. დეტალების გასარკვევად, „აიტივიმ“, პირველ რიგში, „თბილისის მიკროავტობუსს“ მიმართა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მსგავსი მეთოდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და მას კომერციული დატვირთვა აქვს.
მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალის გათიშვის გადაწყვეტილებას რადიომაუწყებლების ხელმძღვანელთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. რადიო "პალიტრის" გენერალური დირექტორი ნინო ქვარიანი "თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, რადიო "პალიტრას" არაერთ მიკროავტობუსში ჰყავს თავისი მსმენელი და მსგავსი გადაწყვეტილების შედეგად, მსმენელი მოაკლდება.
რადიო "იმედის" გენერალური დირექტორი, ნინო გაბრიაძე, "თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, ნებისმიერ კერძო მფლობელს თავისი მარკეტინგული მიდგომა აქვს. რაც შეეხება მსმენელთა რაოდენობის შემცირების საკითხს, რადიო „იმედის“ გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ მედიასაშუალებას ამ მხრივ, პრობლემა ნამდვილად არ შეექმნება.
მსმენელთა შემცირების საფრთხეს ვერ ხედავს ვერც რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში, მსმენელთა რაოდენობის შემცირების საფრთხე არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ ემუქრება.
ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანია მოსახლეობის დამოკიდებულებაც. მოქალაქეების გარკვეული სეგმენტი ამ სიახლის დანერგვას გაუმართლებლად მიიჩნევს. დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს რეგულაცია დიდი ხნით ადრე უნდა ამოქმედებულიყო.
მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გაითიშვისა და სამარშრუტო ტაქსების სალონში ახალი მონიტორების დამონტაჟდების პროცესი დაწყებულია და მაქსიმუმ ორ კვირაში დასრულდება.
კომენტარები