მსოფლიო
"დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!"
2012-06-04 18:26:36
ჩამოტვირთვა
"მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. აბრეშუმის გრძელი კაბა ეცვა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას!... ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ის ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... "ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს",- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, - მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე..."-ასე იხსენებს მიხეილ ჭიაურელი საყვარელ ქალთან შეხვედრას.
ამ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც, კაციც ძალიან ცნობილი გახდა და ქალიც. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს იმ "ცეცხლის" ჩაქრობა, შორიდან რომ სწვავდა ორივეს. დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახიდან წამოსვლას...
და ბოლოს, გაწყდა იქ, სადაც თმენის ძაფი ყველაზე წვრილი იყო, - "დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - უთხრა კაცმა ქალს, ხელი მოკიდა და ნაზად, ძალიან ნაზად ეამბორა. იმ ადგილიდან, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ და აკოცეს, თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა. პაემნის ადგილი ჭიაურელისთვის ყველაზე წმინდა ადგილად იქცა - აქ, ფიქრის გორაზე, მათ ხომ ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს.
დიახ, ეს ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სიყვარულია...
მანამდე კი... მანამდე ორივეს საკმაოდ რთული ბარიერი ჰქონდათ გადასალახი. მოსკოვიდან ჩამოსულ ვერიკოს სახელოვანი შალვა ამირეჯიბი ეტრფოდა - გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პოეტი და ჟურნალისტი. იგი ვერიკოზე 11 წლით უფროსი იყო. მათი ურთიერთობა გახმაურდა და ჭიაურელიც გვერდზე გადგა, ოჯახი შექმნა, - იქნებ დავივიწყოო ვერიკო, მაგრამ სიყვარული როდის ეგუება მოვალეობის ჩარჩოებს?! ცნობილია, რომ ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა. მას ხომ უსაზღვროდ უყვარდა მიხეილ ჭიაურელი, რომელსაც უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მამას ქალიშვილისთვის უთხოვია, ამირეჯიბს ცოლად გაჰყოლოდა, ვერიკომაც შეასრულა მისი თხოვნა, მაგრამ ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო - ვერიკოს გული სხვას ეკუთვნოდა.
მიუხედავად განშორებისა, შალვა ამირეჯიბს ვერიკო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. მას ემიგრაციაში წასულსაც აღარ შეურთავს მეორე ცოლი.
მიხეილ ჭიაურელი 1894 წლის 25 იანვარს თბილისში დაიბადა. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დაარსა სატირის თეატრი. 1925-27 წლებში კი იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი სტალინის ცნობილი კინომითის შემქნელი და ბელადის საყვარელი თამადაც გახლდათ. ამბობენ, რომ სტალინი ხშირად იწვევდა თავისთან ჭიაურელს და მისი სუფრის უცვლელი თამადა სწორედ ის იყო.
ვერიკო ანჯაფარიძე კი, ნამდვილი ქუთაისელი კნეინა ბრძანდებოდა. იგი 1900 წლის 30 იანვარს ქუთაისელი ინტელიგენტის ოჯახში დაიბადა. ვერიკოს ბავშვობიდან ეტყობოდა სამსახიობო ნიჭი, ამიტომაც, როცა მსახიობობა გადაწყვიტა, არავინ შეწინააღმდეგებია, თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და ისედაც იცოდნენ, ვერიკო ასე იოლად არ დათმობდა თავის პოზიციებს... ასე რომ, ანჯაფარიძის ქალმა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრა, აიდაროვის ცნობილ დრამატულ სტუდიაში სასწავლებლად. იქიდან ჩამოსულმა კი ჭიაურელი გაიცნო და დიდი სიყვარულიც მან აზიარა...
ხელოვანი ადამიანისთვის სიყვარული შთაგონების წყაროა, თუმცა თითოეული მათგანი ამ გრძნობას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ზოგისთვის ერთი პატარა ნაპერწკალია, რომელიც მალე ჩაქრება ხოლმე, ზოგისთვის კი - ერთ დიდ ცეცხლად აგიზგიზდება. ბევრისთვის იგი უკიდეგანო ზღვასავითაა, ღელვის დროსაც რომ არ უშინდება... ასეთი შედარებებები ისევ და ისევ მათ ეკუთვნით - ცნობილ მწერლებს, მსახიობებს თუ მუსიკოსებს, რომლებმაც შედევრები შექმნეს, მათ შორის არიან სწორედ ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი, წყვილი, რომლის სიყვარული ერთობლივად შექმნილ შეუდარებელ ფილმებთან ერთად მარადიულ ლეგენდად იქცა.
კომენტარები