მსოფლიო
გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
2012-05-30 20:47:08
ჩამოტვირთვა
გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, აღნიშნულ პოსტზე, ხატია დეკანოიძე დაამტკიცა. მინისტრის განმარტებით, დეკანოიძე გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის კუთხით შეირჩა.
ხატია დეკანოიძე პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა. როგროც სამინისტროში ამბობენ, მის სახელთან ბევრი წარმატებული პროექტია დაკავშირებული. ტავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი კი პირობას დებს , რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხათუნა ოჩიაური დეკანოიძეს დადებითად ახასიათებს.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი, გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარმატებით უხელმძღვანელებს.
მიმდინარე პროცესმა და ცვლილებებმა აბიტურიენტები არ უნდა დააზარალოს. ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ლევან ვეფძვაძე საკადრო ცვლილებებს.
მისი თქმით, აბიტურიენტებმა 2012 წლის ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად უნდა ჩააბარონ.
გარდა მაია მიმინოშვილის შემცველელის წარდგენისა განათლების სამინისტრომ დღესვე მიმინოშვილის ბრალდებებსაც უპასუხა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, დიმიტრი შაშკინი 600-მდე ყალბი ატესტატის გაცემაში დაადანაშაულა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამინისტრო, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო რეფორმის ინიციატორი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყანაში ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობაც კი. მინისტრის ინიციატივით დაინერგა ახალი მოდელი. კერძოდ, თუ რეფორმამდე ატესტატებს სკოლის დირექტორი ავსებდა და გასცემდა, ამჟამად ატესტატების აღრიცხვა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება. ელექტრონულ ბაზაზე წვდომა კი მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, რაც სამინსიტროს მხრიდან ყალბი ატესტატის გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს“
რაც შეეხება, პოლიციის აკადემიის რექტორის ვაკანტურ პოზიციას, მას ხატია დეკანოიძის ნაცვლად, დავით აფრასიძე დაიკავებს.
დავით აფრასიძე ბოლო პერიოდში შსს-ს არქივის დირექტორის პოსტზე მუშაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კომენტარები