1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო აღლუმის პროგრამას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

თავდაცვის სამინისტრო ქუთაისში დაგეგმილი სამხედრო აღლუმის პროგრამას ავრცელებს. აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. პრეზიდენტს აღლუმისთვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე უპატაკებს. პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმებიან. სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რომელსაც ანა ხანჩალიანი შეასრულებს, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს. შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. ცერემონიის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ამის შემდეგ აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანებას გასცემს. სამხედრო აღლუმს მედროშეთა კოლოფი გახსნის, მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიყვებიან. კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები გააგრძელებენ. ზეიმის მსვლელობაში შემდეგი იქნება სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი. შემდეგ გამოვა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი. აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე გამოვლენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები - I ,II ,III ,IV და V ქვეითი ბრიგადები. ასევე, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, ცალკეული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი და სპეციალური ოპერაციების ძალები. აღლუმის შემადგენლობაში ასევე იქნებიან საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები. I და II საარტილერიო ბრიგადა, საინჟინრო ბრიგადა და ეროვნული გვარდია. აღლუმის საზეიმო მსვლელობას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დახურავს. აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები განაგრძობენ. მსვლელობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მუხლუხოიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა", უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ტექნიკის მსვლელობა დაიწყება საქართველოში წარმოებული მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძლო მანქანით "ლაზიკა", მას მოჰყვება ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" და "დიდგორი 3". შემდეგ წარმოდგენილი იქნება ასევე ქართული წარმოების უპილოტო საჰაერო სისტემა. მას მოჰყვება საარტილერიო სისტემა ,,მსტა", ჰამერის ტიპის შეჯავშნული მრავალფუნქციური მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები - ,,კობრა", ,,ვულფი", "ეჯდერი" და "რაფაელი". შემდეგ ჩაივლიან - თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – ოსა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ,,დანა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ,,რმ-70", ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი "გრად-ლარი", თვითმავალი მუხლუხოიანი საარტილერიო დანადგარი "2ს-1" და ტ-72 ტიპის ტანკები. შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების შემდეგ, აღლუმს საფრენი აპარატები დაასრულებენ. სამხედრო აღლუმი ქუთაისში 18.00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები