1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მრავალსაუკუნოვანი ლავრა სახელმწიფოთა გადაწყვეტილების მოლოდინში

ჩამოტვირთვა

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთზე, რომლის ირგვლივაც ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, გადაადგილება უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დადებითი შედეგი აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების ჩიკაგოში შეხვედრამ განსაზღვრა. პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, დავითის ლავრაში მოლოცვა და დათვალიერება მანამდე არ იქნება შეზღუდული, სანამ მონაკვეთზე საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია არ მოხდება. ქართული მხარე სანაცვლოდ იღებს ვალდებულებას, რომ იმ ადგილიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილება არ მოხდება. 6 მაისიდან დღემდე კომპლექსში შესვლას სასულიერო პირები და ტურისტები ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა ყველაზე მეტად ჩრდილოელ მეზობელს აძლევს ხელს, რადგან კავკასიაში ახალი ომი და სისხლისღვრა კრემლის ინტერესებში შედის. სამხრეთ კავკასიაში დაპირისპირების ახალი კერის გამოჩენამ რუსეთი დიდი იმედით განაწყო. კრემლის მისწრაფებები კარგად გამოჩნდა მის მიერვე მართულ მედიაში, სადაც მაშინვე გაჩნდა პროვოკაციული სტატიები. თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ჩიკაგოში შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოელ მეზობელს იმედები გაუცრუვა. ამ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. კომპლექსი მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში ასურელი მამა დავითის მიერ დაარსდა. იგი თავის მოსწავლესთან ერთად, გარეჯის უდაბნოში დასახლდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში დავითის ლავრის სახელით გახდა ცნობილი. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში. დავით აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტერი სამეფო საკუთრებად აქცია. გიორგი ბრწყინვალეს ეპოქაში კი ლავრა მძლავრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. ამავე საუკუნის ბოლოს დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. შემდგომში კი შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომის ღამეს 6000 ბერი დახოცეს და მონასტერი გაძარცვეს. მრავალჭირნახული დავითგარეჯი კი დღეს სახელმწიფოთაშორის გადაწყვეტილებას ელოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები