საზოგადოება
„მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია“
2012-05-16 20:26:22
ჩამოტვირთვა
გოგონა ღარიბი ოჯახიდან - ასე მოიხსენიებენ ადამიანს, რომელიც 1961 წლის ყველაზე ცხელ დღეს, John Spencer-ის ოჯახში დაიბადა. გოგონას დაიანა დაარქვეს.
1977 წელს, როდესაც ის 16 წლის იყო, ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. დაიანამ აქ დაიწყო მუშაობა ცეკვის ინსტრუქტორად, რასაც მალევე დაანება თავი. ამის შემდეგ მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
უელსის პრინცი იცნობდა დაიანას უფროს დას. ჩარლზი საკმაოდ მდორე ცხოვრებას ეწეოდა და მის გარემოცვაში არასოდეს იყვნენ ახალგაზრდა გოგონები. სწორედ ამიტომ, მან მეუღლის არჩევის უფლება სხვებს მისცა. მას დაიანა ერთერთ საქველმოქმედო საღამოზე გააცნეს. გოგონას მიმართ ის სერიოზულ ინტერესს იჩენდა. ვესტმისტერის სასახლემ 1981 წლის 24 თებერვალს ნიშნობა გამოაცხადა. დაიანამ მომავალი მეუღლისგან ბეჭედი მიიღო, რომელსაც 14 ბრილიანტი და დიდი საფირონის ძვირფასი ქვა ამშვენებდა.
ამავე წლის 29 ივლისს წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში ჯვრისწერა შედგა.
ქორწილი, როგორც დაგეგმილი იყო, ზღაპრული გამოვიდა: თეთრი აბრეშუმი, უამრავი ყვავილები, სამეფო მსვლელობა, ლამაზი პრინცესა და საჯარო მისალმება.
ტელევიზიით ცერემონიალს 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც სამეფო ოჯახს შეეფერება.
1982 წლის 21 ივნისს პრინცესამ იმშობიარა. დაიბადა პირველი მემკვიდრე უილიამი. 1984 წლის 15 სექტემბერს ქვეყანას მეორე მემკვიდრე, ჰარი, მოევლინა. ჩარლზი ხშირად იმეორებდა, რომ მას მეორე შვილი გოგონა უნდოდა, ამის გამო, მეუღლე ხშირად საყვედურობდა. დაიანა მთლიანად შვილების აღზრდაში ჩაერთო. სამეფო წვეულებებზე არ დადიოდა. მან უარყო სამეფო ძიძა და ბავშვების გაზრდას თავად შეუდგა, რამაც ოჯახის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
დაიანა ერთგული მეუღლე და საუკეთესო დედა იყო. მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის შვილები იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო აქციებში ჩართულობის გამო დაკავებული იყო, ბავშვების სკოლიდან გამოყვანასა და მათთან ერთად გასეირნებას ყოველთვის ახერხებდა.
ლედი დი მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო საღამოებში. მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა უსახლკარო მოხუცებს, ბავშვებს, ნარკომან ახალგაზრდობას.
1989 წელს მან გახსნა ბავშვთა საავადმყოფო. დაიანა ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობდა, როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. დიანას საზღვარგარეთაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. „მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია“ – მუდამ აღნიშნავდა პრინცესა.
დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მისი და პრინცის ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა. სამეფო ოჯახი თითქოსდა ირონიით ეკიდებოდა დაიანას საქმიანობას, მაშინ როცა პრინცესა დანაღმულ ტერიტორიებზე შედიოდა და ბავშვები გამოყავდა. მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა შიდსითა და ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს.
დაიანამ ფეხი ვერ აუწყო სამეფო ოჯახის ცივ მედიდურ ცხოვრებას. იგი თითქოს გარიყული იყო. მის თვალებში დიდი ტკივილი და იმედგაცრუება იკითხებოდა.
როდესაც პრინცს ცოლად გაჰყვა, 20 წლის გოგონას, ალბათ, ვერც წარმოედგინა რამდენი ბარიერი ექნებოდა გადასალახი. დაძაბულობამ ოჯახში პიკს მაშინ მიაღწია, როცა პრესაში პრინცისა და კამილა პარკერის ახლო ურთიერთობის კადრებმა გაჟონა. ამის მიუხედავად, დაიანა პრინც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა.
1995 წლის 20 დეკემბერს ბუკინგემის სასახლემ საჯაროდ გამოაცხადა, რომ პრინცი და ლედი დი გაიყარნენ.
1996 წელს დაიანამ გაიცნო დოდი ალფაედი, რომელიც იყო არაბი მილიარდერის მუჰამედ ალფაედის ვაჟი. მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და საქველმოქმედო აქციებში ერთად ჩაებნენ. ისინი სამოგზაუროდაც ერთად დადიოდნენ. ლედი დი ბედნიერი იყო და ეს რაც დაუმალავს. აკეთებდა საყვარელ საქმეს და გვერდითაც საყვარელი ადამიანი ჰყავდა.
1997 წლის 31 აგვისტოს, დიანა და დოდი პარიზში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს დაედევნენ, დამალვის სურვილით შებყრობილმა წყვილმა ავტომობილის სიჩქარე ვერ გააკონტროლა და ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი და დოდი გარდაიცვალნენ, დიანა კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი საათის შემდეგ, გარდაიცვალა. პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და პრინცესას გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა. სწორედ ასეთი დასკვნა იწვევს საზოგადოებაში დაუსრულებელ დისკუსიას.
მრავალი ვერსია არსებობს. ნაწილი სამეფო ოჯახს ადანაშაულებს, ნაწილი კი დოდის მდიდარ მამას, რომელსაც ყოფილ პრინცესასთან შვილის ურთიერთობა არ სურდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კატასტროფიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, პაპარაცი, რომელიც წყვილს მისდევდა, ფოტომასალის შეგროვების მიზნით უბედური შემთხვევის სურათებს იღებდა და მან შესაბამის სამსახურებს აღნიშნული ტრაგედიის შესახებ მოგვიანებით შეატყობინა. არავინ იცის სიმართლე. ეს უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა, ეს მხოლოდ სამეფო ოჯახისთვისაა ცნობილი.
როგორც ელტონ ჯონმა, დიანას დაკრძალვის დროს შესრულებულ სიმღერაში თქვა: „შენ ისევე განვლე ცხოვრება, როგორც სანთელი იწვის ქარის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან სწრაფად დაიწვა, ლეგენდა შენზე არასდროს დაიფერფლება“, სწორედ ასეთია დიანას ცხოვრება და ლეგენდა მასზე – გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ.
კომენტარები