საზოგადოება
ქართველი გამომგონებლის ტრიუმფი ამერიკაში
2012-05-14 20:03:03
ჩამოტვირთვა
15 წლის გუგა ბერაიას გამოგონება – ინოვაციური ფეხსაცმელი უკვე საქართველოს მასშტაბებს გასცდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პატარა ქართველი გენიოსის გამოგონებას მსოფლიოს საერთაშორისო ენერგიის, ინჟინერიისა და გარემოს ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მიანიჭეს და გუგა ბარაიაც ამ ოლიმპიადის ოქროს მედლის პრიზიორი გახდა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ სიახლე ფეხსაცმლის ლანჩზე დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით, სიარულის დროს მობილურისა და სხვა მცირე აკუმლიატორების დატენვას ითვალისწინებს.
ოლიმპიადა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ჩატარდა. მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამომგონებელი მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას; გუგამ კი, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ოქროს მედალთან ერთად, 1000 დოლარიანი ფულადი ჯილდო და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის ერთ–ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში „ჩრდილოეთ ამერიკის კოლეჯში“ სწავლის 100 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.
წარმატებულმა პატარა მეცნიერმა თავისი ახალი გამოგონება ექსკლუზიურად გაგვანდო. გუგამ გზაზე ბორბლის შეჭიდულობის გაზრდის სისტემა გამოიგონა, რაც ავტოავარიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პატარა გამომგონებელი ამბობს, რომ ამ სისტემის საშუალებით, ავტომობილის საბურავში სპეციალური აპარატურა ჩამონტაჟდება, რისი დახმარებითაც, ნებისმიერი სისწრაფით მიმავალ მძღოლს მყისიერი დამუხრუჭების საშუალება ექნება, თანაც უსაფრთხოდ.
15 წლის გამომგონებელი გვპირდება, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს, არც ჩვენ და, ალბათ, არც „აიტივის“ მაყურებელს ამაში ეჭვიც არ ეპარება. დღესვე გუგა დაგვპირდა, რომ მისი საოცარი გამოგონებების შესახებ, პირველი „აიტივის“ მაყურებელი შეიტყობს.
კომენტარები