საზოგადოება
მიმდინარე წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
2012-05-01 21:11:09
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
შსს-ს ინფორმაციით, 2011 წელს საქართველო 2 822 363 პირმა მოინახულა. რაც შეეხება 2012 წლის პირველ 4 თვეს, ქვეყანას უკვე 978 521 პირი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ აპრილის თვე კი 301 243 პირით განისაზღვრა, რაც 2011 წლის იმავე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს 61 პროცენტით აღემატება.
როგორც ირკვევა, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 4-თვიან ინტერვალში ვიზიტორთა რაოდენობის საშუალო 45%-იანი ზრდა ფიქსირდება.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან.
ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. განსაკუთრებული დაინტერესება დაფიქსირდა მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, რომელთაგანაც 73% და 83%-იანი მატება აღინიშნა.
2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველოში მარტის თვეში ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ვიზიტორთა შემოსვლა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასამმაგდა.
კომენტარები