მსოფლიო
კვალის ამრევი ფეხსაცმელები და 110 ქართული გამოგონება
2012-04-28 15:01:40
ჩამოტვირთვა
სამკურნლო საშუალებები, კომპიუტერული და სამეცნიერო ტექნიკა, სიმბოლური დატვირთვის მქონე ქანდაკებები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მომღერალი შადრევანი, მოცეკვავე ნაძვისხე, ბალახის საშრობი, საღებავების გარეშე მიღებული ფერადი მასალები, ორიგინალურად გაფორმებული ნამცხვრები და ტანსაცმელი. ექსპოჯორჯიაში დღეს 110 ინოვაციური გამოგონებისა და იდეის გამოფენა გაიმართა.
მათთვის, ვისაც სივიწროვეში ცხოვრება მობეზრდა და ბინის გაფართოება სურს, ქუთაისელმა არქიტექტორმა, ვახტანგ დვალიშვილმა, ფიჭური საცხოვრებლის მოდელი წარმოადგინა. სპეციალური კონსტრუქცია საცხოვრებელი სახლის ნებისმიერ სართულზე გარედან მონტაჟდება და დამატებითი ოთახიც მზადაა. ინოვაციური მიშენების ავტორები კლიენტებს 50 წლიან გარანტიას პირდებიან. დვალიშვილის განმარტებით ფიჭური საცხოვრებელის გამოცდა და ტესტირება წარმატებით ჩატარდა ქუთაისში.
გამოგონებებისა და იდეების გამოფენის ექსპონანტებს შორის, ისეთი ნამუშევრებიც იყო, რომელთაც ამერიკისა და ევროპის ყურადღება უკვე მიიპყრეს. კახაბერ კობერიძემ კვალის ამრევი ფეხსაცმელები წარმოადგინა. ამ იდეით უკვე დაინტერესდა პენტაგონი და ქართველი გამომგონებელი მათთან კონტრაქტის გასაფომრებლად ემზადება.
მომავლის ავტომობილების დიზაინი წარმოადგინა დავით მამაგულიშვილმა. თინეიჯერი დიზაინერის იდეებით უკვე დაინტერესდა ფოლკსვაგენი და, სკოლის დამთავრების შემდეგ, დავითი შესაბამისი განათლების მიღებასა და მუშაობას საზღვარგარეთ გეგმავს.
გამოგონებებისა და იდეების გამოფენა თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქპატენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ღონისძიების მიზანი საინტერესო გამოგონებების ფართო საზოგადოებისთვის დემონსტრირება და პრაქტიკული ხელშეწყობა გახლავთ.
გამოფენის მონაწილეები საქპატენტიმა და სხვადასხვა უწყებაში მოღვაწე ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეარჩია. საინტერესო გამოგონებების შერჩევის პროცესში კომისიამ 900–ზე მეტი პროექტი განიხილა.
კომენტარები