0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზეთზე ფასები ისევ გაიზარდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის – რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქარის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აგვისტოში 3.1%-ით გაიზარდა და 127.4 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32.9%-ით აღემატება.

9.6%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, შაქრის კულტურების დაზიანებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია ინდოეთში და ევროპაში კარგი მოსავლის მოლოდინის, ნავთობისა და ბრაზილიური ვალუტის, რეალის, გაიაფების ხარჯზე მოხერხდა.

აგვისტოში, მცენარეულ ზეთზე ფასები წინა თვესთან შედარებით, 6.7%-ით გაიზარდა და ისტორიულ რეკორდს დაუბრუნდა. ფასების ზრდის მიზეზად, მალაიზიაში, პალმის ზეთის დაბალმა წარმოებამ და შესაბამისად, შემცირებულმა მარაგმა იმოქმედა. ასევე მომატებულია რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასი.

აგვისტოში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა 4.3%-ით მოიმატა. 8.8% მომატებულია ფასები ხორბალზე. ფასის მომატება განპირობებულია ამ კულტურის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნების მოსავლის შემცირებული შეფასებებით. სიმინდის ფასი შემცირებულია 0.9%-ით, რადგან არგენტინის, ევროკავშირის და უკრაინის მომატებულმა წარმოებამ, ბრაზილიის და აშშ-ს შემცირებული მოსავლის მოლოდინის კომპენსაცია მოახერხა. ბრინჯის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ისევ კლებულობს.

ივლისთან შედარებით, მცირედით მომატებულია საქონლის და ცხვრის ხორცის ფასების ინდექსი, ეს ჩინეთის მხრიდან ხორცის შესყიდვებს და ახლო აღმოსავლეთის და ფრინველის ხორცზე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს – ის კლებულობს, რადგან ჩინეთის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა შემცირდა.

უმნიშვნელოდ შემცირდა რძის პროდუქტების ინდექსი, რაც რძის ფხვნილზე მოთხოვნის შემცირებასთანაა დაკავშირებული. კარაქის და ყველის ფასები მცირდება ოკეანიის ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესების გამო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები