2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონს გავაპატიოსნებ–ზურაბიშვილი რუსულ კანონზე პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს არ გაუგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უბრალოდ ვეტოს დაადებს, შემდეგ კი ოცნების უმრავლესობამ უნდა იფიქროს, რას გააკეთებს. “გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე, მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“– თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ კანონს მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებენ, თუმცა პრეზიდენტს შეუძლია მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს პარლამენტს და ვეტოს დაძლევისას მათ გაითვალისწინებენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ თამაშში ოცნებას არ შეყვება:

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე, საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!

მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი – ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ; ან მარტივად, თქვენ თვითონ გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია თუ რაღაც სხვა კანონების გადამღერება.

ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსულად და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები