0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი კომპანია Roommate სტუდენტების საცხოვრებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს

კომპანია Roommate Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი,  ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს.

სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა. ის სტუდენტებზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, დახმარებოდა მათ, ეპოვათ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის გაყოფის მიზნით.

სტუდენტებისთვის ბინების ძებნის პროცესში გაირკვა, რომ ბინების მეპატრონეები არ ენდობოდნენ სტუდენტებს და არ სურდათ მათთვის ბინების მიქირავება ორი მიზეზის გამო - ერთი მხრივ სტუდენტებს არასანდო გადამხდელებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ჰქონდათ შიში, რომ სტუდენტები ბინას დააზიანებდნენ. ეს ცხადია, უფრო ართულებდა სტუდენტებისთვის ბინების პოვნის პროცესს.

ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა ბინების მეპატრონეებთან აქტიური მოლაპარაკებებით გადაწყვიტა:

„ბინის მეპატრონეების პრობლემის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კითხვა ასე დავსვით - რა ღირებულებები უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ? მათთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწიეთ: ისინი ბინას უშუალოდ ჩვენ გვაბარებენ, ჩვენ ვაქირავებთ მას რამდენიმე სტუდენტზე, რომელთაგანაც ერთს აქვს ე.წ. ლიდერის როლი. ლიდერი ზრუნავს ბინაზე და ყოველთვიურად გვაწვდის ფოტოებს და განახლებულ ინფორმაციას ბინის შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენი პლატფორმის საშუალებით მიეწოდებათ ბინის მეპატრონეებს“, - ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.

ამ პრობლემის მოგვარებით Roommate-მა პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა გამართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სანდო სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯგუფურად იქირაონ ბინები და გაიყონ ბინის ქირის ხარჯები, რაც აქამდე მათ ძირითად პრობლემას წარმოედგენდა, მეორე მხრივ კი იცავს ბინების მეპატრონეების უფლებებსაც.

„ბინის მეპატრონეების მოთხოვნების დაკმაყოფილებამ დაგვანახა, რომ მათთვის კომფორტის შექმნით, რეალურად, სტუდენტების პრობლემებსაც უფრო ეფექტურად, ხარისხიანად და გრძელვადიანი პერსპექტივით ვაგვარებდით.  პლატფორმაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, რასაც ჩვენი მომსახურების ხარისხიც უზრუნველყოფს. ჩვენი მარკეტინგიც სწორედ ჩვენი კონცეფციაა - ხარისხიანი, მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე  ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც ზურგს ხელშეკრულებები უმაგრებს. ხელშეკრულებებში დეტალურადაა გაწერილი როგორც მეპატრნეების, ასევე სტუდენტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ პოტენციური გაუგებრობები. დღის წესრიგში დავაყენეთ, ასევე, ბინების დაზღვევის საკითხიც.“

პლატფორმა ერთი წელია მუშაობს და მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის საფუძველზე, ყოველთვიურად იხვეწება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპის პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტსაც, რომელშიც Roommate  ოქტომბრიდან მონაწილეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოგვცა, არის კონტაქტბის დიდი ბაზა: გავიცანით წარმატებული სტარტაპერები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც ჩვენნაირი სტარტაპისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. მენტორებთან მუშაობამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მათთან ურთიერთობის შემდეგ შევცვალეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმა და სტრატეგიაც. ამ მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული, რეალურ გამოცდილებაზე დამყარებული რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ, ასევე, ინვესტორებთან ურთიერთობის ტექნიკებიც. იანვარში კი, სხვა ფინალისტებთან ერთად, მივემგზავრებით ტალინში, სადაც უკვე საერთაშორისო ინვესტორებს შევხვდებით. ასეთი მაგარი გამოცდილება Impact Hub-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.“

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები