მსოფლიო
გიული ალასანია - ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ
2023-08-21 12:21:34
ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე - გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც ე.წ. გამარჯვების კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყების ინიციატივა შეაფასა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ხალხთან ურთიერთობა აუცილებელია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი. აუცილებელია ხალხთან ურთიერთობა. ნამდვილი დემოკრატია ეს არის. ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ. წლებია ვადევნებ თვალს სოფო ჯაფარიძის საქმიანობას და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება. ახლაც რომ დადის ამ 45 გრადუს სიცხეში და ხვდება ადამიანებს და მათ აზრს ეკითხება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ალასანიამ.
კითხვაზე, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში ერთვება, გიული ალასანია ასე პასუხობს: „არ ვიცი საარჩევნო კამპანიაში რამდენად ერთვება, მაგრამ აქ რომ არის მთელი სულით და გულით, ამას ვხედავ“.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, მისი შვილი კვლავ სუსტადაა და გადაადგილება უჭირს.
„ჯანმრთელობა ისევ იგივე - სისუსტე. ახალს ვერაფერს გეტყვით. უჭირს ფეხზე დგომა, გადაადგილება. სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია,“ - განაცხადა ალასანიამ.
კომენტარები