კრიმინალი
გორში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს
2020-07-01 11:25:40
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში
კომენტარები