2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

კერესელიძე: "სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა სპეკულაციაა"

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ბოლო პერიოდში დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა დარბაზის გადაცემასთან დაკავშირებით სპეკულაციაა.

"ის ფაქტი, რომ ეს არის ისტორიულად ორკესტრის სახლი და ჩვენ ამ სახლში არ ვაბრუნებთ, ეს გადამეტებული და ხშირ შემთხვევაში მართლაც სპეკულაციური განცხადებებია.

ამ დარბაზს არ აქვს ის ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება ვინმემ ფილარმონიული ცხოვრება ჩაატაროს. აქ თუ ჩვენ 150-იან კოლექტივს მუდმივად მივიღებთ, პრაქტიკულად, სხვა კონცერტის ჩასატარებელი ადგილი აღარ გვრჩება. ჯერ ერთი, არ გვაქვს სარეპეტიციო ფართი, სადაც ამდენ ადამიანს განალაგებ, მეორე, მინიმუმ 150 კაცის განთავსება, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია," - განაცხადა კერესელიძემ.

მედიასთან მან ასევე ნიკოლოზ მემანიშვილის იმ შეთავაზებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც გრაფიკის შედგენას ეხება.

"იმ მოწოდებას, რომ ორკესტრს უნდა თავისი სარეპეტიციო კერა ჰქონდეს და საშუალება ჰქონდეს კონცერტი ჩაატაროს, ამ პათოსში მეც ვუერთდები ყველა ადამიანს. რა თქმა უნდა, ორკესტრს უნდა ჰქონდეს ის საშუალებები, რაც ყველას აქვს. ამაში ვთანხმდებით. შარშან ამ დროს მე და ნიკას კომუნიკაცია გვქონდა. მოსული იყო ასეთი წინადადებით: ვიცი, რაღაც პრობლემები არის მოსაგვარებელი და სახელმწიფომ გამომიყო 15 მლნ ლარი, რაშიც უნდა ჩავეტიოთ. ავაშენოთ ახალი დარბაზიო. შემომთავაზა ასეთი რამ: ხომ არ არის შესაძლებელი ეს 15 მლნ ლარი გამოვიყენოთ საკონცერტო დარბაზის სივრცეზე და გამოიყოს სარეპეტიციო ფართი, გრაფიკი გაკეთდესო. იყო ლაპარაკი 25-დან 30 საკონცერტო დღეზე, რომ გრაფიკი გაგვეკეთებინა და ორკესტრს გარანტირებული დღეები ჰქონოდა კონცერტის ჩასატარებლად. დანარჩენი თანხა მიემართა ჩვენი ვალდებულებებისა და პლუს ვალების ჩამოსაწერად და გადახდაზე. რა თქმა უნდა, ასეთ წინადადებაზე უარს როგორ ვიტყოდით. პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენი ყველა პრობლემა უნდა გადაგვეჭრა, მაგრამ ეს იყო დამაფიქრებელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტექნიკურად და იურიდიულად ამის მოხერხება შეუძლებელი იყო. იმიტომ, რომ ჩვენ კომერციული ორგანიზაცია ვართ. ეს არის შპს, რომელსაც სხვა დებულება აქვს და სხვა რეჟიმით ოპერირებს, სახელმწიფოსთან ანგარიშწორება სხვა რეჟიმში აქვს. მემანიშვილის სიმფონიური ორკესტრი გახლავთ სსიპ-ი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც მუდმივად იღებს დაფინანსებას საბიუჯეტო სახსრებით და ის, რომ ბიუჯეტის ფული დახარჯულიყო კერძო კომპანიის ვადების ჩამოწერაში, ეს მომეჩვენა, რბილად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელ პერსპექტივად," - აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე თქმით, თავად შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს და მემანიშვილის საკითხის კულტურის სამინისტროში დასმა სთხოვა, თუმცა უწყებამ წინადადებაზე იმავე მიზეზით უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თბილისის საკონცერტო დარბაზის გადაცემას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები