1 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე - შალვა პაპუაშვილი

ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. პაპუაშვილის განცხადებით, ომი რომ დასრულდება, „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მკაფიო საუბარი ექნება“.

„უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელარუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები