2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნა – ინვესტიციის მოცულობა 60 მილიონი ლარია

 

·         Tegeta X Global Brands – Partnership Beyond Borders - განახლებული კომპლექსის  გახსნაზე დასასწრებად თბილისში "თეგეტას“ საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ

 

·         საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით ჰოლდინგი ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს

უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში "თეგეტას“ ახალი კომპლექსი აშენდა. ერთ ჰექტარზე „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსის“ შოურუმებია განთავსებული.

 „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის გახსნის ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართა. ტერიტორიაზე სრულიად ახალი შოურუმი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, განახლებული სერვისცენტრი და სასაწყობე სივრცეა განთავსებული.

ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. მეტი ხელმისაწვდომობისთვის კი შოურუმის ეზოში ხუთი ელექტროდამტენი განთავსდა.

შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობა ორი წლის განმავლობაში, თიბისისთან პარტნიორობით მიმდინარეობდა.  

ვახტანგ კაჭარავა, "თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტუმრებს დღეს თეგეტას  ახალ კომპლექსში ვმასპინძლობთ.  ავტომომსახურების ეს ცენტრი გამორჩეულია როგორც კონცეფციით, ასევე ინვესტიციის მოცულობით, რაც 60 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. უკვე თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია,  საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრების და შოურუმების მშენებლობაა. სწორედ ასეთია ახალი სივრცე ვაკეში, სადაც 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ.“

მომსახურების ინოვაციური ცენტრის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კორპორაციული მომხმარებლები, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალურად გახსნის ცერემონიისთვის ჩამოვიდნენ თბილისში „თეგეტას“ ბიზნესპარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ Shell-ის, Motul-ის, Varta-ს, Textar-ის, Champion-ის წევრები, ასევე წარმომადგენლები Bridgestone-დან, რომელთანაც "თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე 25 წელია, თანამშრომლობს. ღონისძიება სწორედ აღნიშნული ბრენდების მხარდაჭერით გაიმართა.

გახსნის ღონისძიებაზე მოწვეული 500-მდე სტუმრისთვის ახალ შოურუმსა და სერვისცენტრში სპეციალური ტური დაიგეგმა. ასევე, საგანგებოდ გაიხსნა მზის პანელები, რომელთა დიდი ნაწილი  „თეგეტამ“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.

ვაკის ფილიალის ოფიციალური გახსნის შემდეგ Tegeta X Global Brands – Partnership Beyond Borders-ის ღონისძიება ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა, სადაც „თეგეტას“ პარტნიორი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები და ჰოლდინგის თანამშრომლები შეიკრიბნენ. გალა-კონცერტის დაწყებამდე აუდიტორიას „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ მიმართა და „თეგეტას“ 28-წლიანი განვითარების გზისა და ჰოლდინგის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაზე, „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის, თანამშრომლები „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ კოხოძემ და „ბრიჯსტოუნის“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟაკ ფურიემ დააჯილდოვეს.  

სპორტის სასახლეში შეკრებილი აუდიტორია საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილ, „თეგეტას“ 28-წლიანი არსებობის ისტორიის ვიდეოსაც გაეცნო.

დარბაზში უპრეცედენტო ზომის – 52-მეტრი სიგანის LED ეკრანი იყო დამონტაჟებული, სადაც ციფრული მულტიმედია ხელოვნების ელემენტების გამოყენებით შთამბეჭდავი სანახაობა საათ-ნახევარს გაგრძელდა. საქართველოში პირველად შუქდიოდური ეკრანის ლაზერული მეპინგი იყო წარმოდგენილი.

ცერემონიის ნაწილი იყო ქართული ხალხური ცეკვისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი. ქორეოგრაფიული ნომრები ანსამბლმა "ერისიონმა“ შეასრულა. მოწვეული სტუმრებისათვის უკრავდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. 

თეგეტას ვაკის ფილიალის გახსნას და გალა-კონცერტს, ჯამში, 1500-მდე სტუმარი დაესწრო.

ახალი შოურუმი და კონცეფცია

ახალი შოურუმი და განახლებული სერვისი გამორჩეულია "თეგეტა მოტორსის“ იმ 29 სერვისცენტრს შორის, რომელსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს.

მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე, უახლესი დანადგარების გამოყენებით მომხმარებელს "თეგეტას“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. ცენტრში როგორც სრული, მათ შორის, სწრაფი სერვისების მიღებაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, ტერიტორიაზე გერმანული წარმოების, ავტომობილის სარეცხი ორი პორტალია განთავსებული. რეცხვა ორი მეთოდით არის შესაძლებელი – მხოლოდ წყლის ჭავლით, ლაზერულად ან თანამედროვე ჯაგრისებით აღჭურვილი რობოტი დანადგარით, რომელიც ავტომობილის ზედაპირს დაზიანების გარეშე ასუფთავებს. ამავე დანადგარით შესაძლებელია ავტომობილის ძარის ქვედა მხრიდან რეცხვა.

სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ დირექტორი: "მომსახურების მოთხოვნასთან ერთად, იზრდება და იცვლება მომხმარებლის მოლოდინები. საჭიროა მაღალი ხარისხი და თანამედროვე ხედვა სერვისში. სწორედ ამ მოცემულობის შესაბამისად ვაფართოებთ ჩვენს ქსელს და მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს ვაწვდით. დავნერგეთ არაერთი ტექნიკური თუ პროცესული სიახლე, ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლებისგან მივიღეთ უახლესი დანადგარები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომსახურების პროცესში სრულად შევცვალეთ ურთიერთობის ფორმა  –  ყველა საჭირო დეტალზე სათანადოდ გადამზადებული სერვისის მენეჯერი ზრუნავს და ავტომფლობელს გამართულ მანქანას აბარებს.”

სერვისში საგანგებოდ მოეწყო ფუნდამენტები მაღალი სიზუსტის მქონე, თანამედროვე დანადგარებისთვის. მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება სერვისის დრო. მომსახურების ცენტრში გერმანული წარმოების საავტომობილო ამწეები და თვლების შეყრის თანამედროვე ამერიკული დანადგარი Hunter-ია განთავსებული.  ვიბრაციული კონტროლის ფუნქციით არის აღჭურვილი საბურავების ბალანსირების აპარატი, ვულკანიზაციაში არსებული დანადგარით კი საბურავის დაშლა-აწყობა დისკის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.   

განახლებული სერვისცენტრი მეტი უსაფრთხოებისთვის CO2-ის დეტექტორებით აღიჭურვა. დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებზე. შენობის იატაკი თანამედროვე ფილებით მოპირკეთდა, რომლის შემადგენელი ძირითადი კომპონენტი თიხაა. ფილა არის ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე, უსაფრთხო და განკუთვნილია მაღალი დატვირთულობის ინდუსტრიული სივრცისთვის.

შოურუმი და საოფისე სივრცე

ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია შოურუმი. თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტებით, სადა და ნათელი გარემო სრულად ესადაგება კომპანიის სტილს. თეთრ ფერზე აქცენტითა და ლითონის კონსტრუქციით, სივრცე უფრო მყუდრო ხდება.  

მეტი კომფორტი შემოაქვს ფრანგული წარმოების ავეჯს, რომელიც ეკომეგობრული მასალით არის დამზადებული. საგანგებოდ შეირჩა განათების სისტემები, რეგულირებადი რეჟიმით. ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების ადიაბატური სისტემა კი ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

შენობის მეორე სართულზე მოეწყო 80-მდე სამუშაო პლატფორმა და ოთახები შეხვედრებისთვის. საოფისე ნაწილი 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა: ხარისხი, გამძლეობა, უსაფრთხოება და ვიზუალი. დამონტაჟდა ენერგოეფექტური, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ვიტრაჟები.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე უკვე 28 წელია, ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები