2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს – ერთადერთი, რაც შენ გიშველის, არის რეალობისთვის თვალის გასწორება

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

„გამარჯობა, მიშა. ვიცი, ცუდად ხარ და ვწუხვარ, რომ ასეა. იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) – შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ შეიძლება, ვცდებოდე და ერთი პროცენტი საფრთხე თუ არსებობს, რომ მართლა კვდები, მინდა, რაღაცით გიშველო. ერთადერთი, რაც შენ გიშველის, არის რეალობისთვის თვალის გასწორება. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ ციხეში შეიძლება, კიდევ დიდხანს იყო. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა. ასევე, თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ ბიძინას ორუელი მართლა გამოადგა – ის მართლა ჯონსის დაბრუნების შიშზეა აგებული, სხვა იარაღი მას არ გააჩნია და წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალურ სახედ შენი ყოფნა მას აწყობს – ფულს ხარჯავს ამაში. ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ საქართველოში 30 პროცენტის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, თუ კრეატიული უმცირესობა არ გიჭერს მხარს. 2003 წელს გამოგივიდა სწორედ იმიტომ, რომ კრეატიული უმცირესობა შენს მხარეს იყო – 2008 წლიდან ნელ-ნელა, ხოლო ივანიშვილის წარმატების შემდეგ მთლიანად – ამ ხალხს და მათთვის მისაღებ შინაარსს შენ ზურგი აქციე, ხოლო ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და მიშა მიშას გაიძახის, იდეებისგან და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი, ზომბები არიან.

ასევე, თვალი უნდა გაუსწორო (და ჩემი აზრით იამაყო) იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციამ თავისი ფუნქცია მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეასრულა და სოციალური ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააფართოვა, გაიზარდა თაობა, რომელიც ქრთამის გარეშე მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ინტერნეტ რევოლუციაც დაერთო – ეს ხალხი თანამედროვე, ჩემნაირი ხალხია – მე ეს ხალხი ვნახე, გავიცანი და ველაპარაკები – გაუგებარია ამ ხალხისთვის ჯვარს რატომ უქნევ, უცხოელებს რატომ ერჩი, უმცირესობებს, რომლებსაც ორკები ურტყამენ – მხარს ცალსახად რატომ არ უჭერ, ვერ გაიგეს რა საპასუხო თავგანწირვას სთხოვ, რა საჯიშე ბიჭებზე ელაპარაკები, სხვა ენაზე საუბრობენ, ანიმეებზე, ჰარი პოტერზე და მარველზე გაიზარდნენ – შენ მათი ენა არ გესმის. არ ესმით დავით აღმაშენებელს რომ ედრები წარამარა, ეს რას ნიშნავს – გაგიჟდი, მანია გრანდიოზა გჭირს, თუ რა ხდება. მე ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებ, რომ თუ პოლიტიკური წარმატება გინდა, ეს ხალხი უნდა გაიცნო, რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ამ ხალხისთვის კერპები გაუგებარია და წარსულს აკუთვნებს შენს მონოლოგებს, სადაც მათ ამადლი, რომ ქვეყანა ააშენე, მათთვის თავი გაწირე, დავით აღმაშენებელი ხარ და ისინი არ გიფასებენ – ვერ ხვდებიან რას ითხოვ, იციან, რომ ისტორიულ გმირებს ისტორია აფასებს და არა თვითონ, არც იმ გმირებზე წაუკითხავთ, რომლებიც საპასუხო თავგანწირვას ითხოვენ ასეთი დაჟინებით. შენ ხომ ამ ხალხთან რეალურად კონტაქტი 2004 წლის შემდეგ აღარ გქონია? – ჯერ ძალაუფლების ბაბლმა მოგწყვიტა, შემდეგ უკვე საკუთარმა ილუზიებმა და ემიგრაციამ.

ასევე თვალი უნდა გაუსწორო დასავლეთის პოზიციას. ჩვენ ვცადეთ დახმარება, როგორ და რაც შეგვეძლო, როგორი მიუღებელი პოლიტიკური და მორალური არჩევანებიც არ უნდა გაგეკეთებინა, ბუნებრივია, წარსული არსად წასულა, გული შეგვტკივა, რომ ცუდად ხარ და ვიცით, ციხეში ცუდად იქნები – ამისთვის მზად არ ყოფილხარ. მიუხედავად იმისა, რომ თავი ღმერთად გამოაცხადე, ჩვენ მაინც გვაქვს განცდა რომ you’re still one of us, ამიტომ ჩვენი ხელიდან რაც გასაკეთებელია, ვცდილობთ – მაგრამ ვითარება ძალიან რთულია – სამწუხაროდ, შენ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი გაქვს მიღებული. ამასთან, შენს მისწრაფებებს ერთპიროვნული მმართველობისკენ, რევოლუციურ/რელიგიურ პოპულიზმს, ზოგადად – შენს საქციელს- საფრთხედ მიიჩნევენ, ისინი არ გენდობიან და თვლიან, რომ ქართულ პოლიტიკას წამლავ შენი დაუოკებელი მიდრეკილებით ერთპიროვნულობისკენ.

ძალიან მიხარია, რომ 2008 წლის ვინდიკაცია ხდება და მეტი იძახის დასავლეთში, რომ შენთვის უნდა დაეჯერებინათ – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ შენი შემდგომი პოლიტიკური არჩევანები საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება და მხარდაჭერის მოპოვებას კიდევ უფრო ართულებს. Having said all that – პოლიტიკის ამბავი შენც იცი, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, რაც ამ ჩემს აღწერილ რეალობას თავდაყირა დააყენებს. როდესაც თავისუფალი იყავი, ამაზეც გქონდა გათვლა – რომ სანამ ისე არ დაჯდება კამათელი, რომ შენ ერთპიროვნულად მოხვიდე, თამაშს არევ. ეს ჩემი აზრით, უსინდისო, არაპატრიოტული და მოღალატეობრივი მიდგომაა, მაგრამ ახსნადი. გასაგებია, რომ ამით ივანიშვილს უხანგრძლივებდი პოლიტიკურ სიცოცხლეს, მაგრამ თავისუფლებაზე ელოდებოდი შენთვის სასურველი კარტის მოსვლას! ახლა ციხეში ყოფნასაც იხანგრძლივებ – ამიტომ ახლა არაპატრიოტულთან ერთად, არარაციონალურიცაა ასეთი სურვილები. ჩემი რჩევაა, ეს გემბლი შეწყვიტო – შეიძლება, სასწაული მოხდეს და ივანიშვილმა მისთვის სასარგებლოდ ჩათვალოს შენი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, მაგრამ სასწაულზე გათვლა მხოლოდ ფრუსტრაციის წყაროა და უარეს ორმოში ჩაგაგდებს. ნებისმიერი თხოვნა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. უფრო მეტი, ნებისმიერი მცდელობა, რომ შენი საკითხი საპროტესტო მოძრაობის ცენტრალურ თემად იქცეს საპროტესტო მოძრაობას ძირს უთხრის და ფრაგმენტაციას იწვევს. ამ წერილს მე საჯაროდ დავდებ – არ ვიცი, შემოგიტანენ თუ – არა. არ მგონია, შენ გარემოცვას აწყობდეს ეს წერილი წაგაკითხოს, მაგრამ თუ რომელიმეს გული შეტკივა შენს კარგად ყოფნაზე, შენი რეალობასთან დაბრუნებას უნდა სცადონ. შენი გარემოცვა სამწუხაროდ, გატყუებს. აქაც შენი პასუხისმგებლობა დიდია – ვინც სიმართლეს გეუბნებოდა, ის მოღალატედ შერაცხე, დანარჩენები ამ გამოცდილებით ხელმძღვანელობენ და შენი კეთილგანწყობის შენარჩუნების სურვილით, მეტს გატყუებენ – ეს უარეს ჭაობში გაფლობს და კიდევ უფრო გაშორებს რეალობას, რაც ჩემი აზრით, დამღუპველია.

შენი 2008 წლის შემდგომი პოლიტიკური არჩევანების დიდი ნაწილი და 2012 წლის შემდეგ, შენი არჩევანები თავიდან ბოლომდე მიუღებელია ჩემთვის (ამაზე ბევრი გვიჩხუბია და შენ კარგად იცი ყველაფერი – ბენდუქიძის ჩაწევიდან და ბაგრატი „ავაშენედან“ მოყოლებული) და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ძალაუფლება ხელში ვერ ჩაიგდო – მაგრამ, მე შენგან განსხვავებით, პატივს ვცემ შენს მემკვიდრეობას და ნამდვილად არ მინდა, ამ მემკვიდრეობის შემოქმედს ასეთი ტრაგიკული აღსასრული დაუდგეს. ამიტომ ვწერ ამ ეპისტოლესაც და დაჟინებით გირჩევ – კარგად რომ გახდე, ამისთვის, ჯერ შენთვის მიუღებელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და მხოლოს ამის შემდეგ მოიფიქრო, შეგწევს თუ არა ძალა, ეს რეალობა შეცვალო. სხვანაირად კარგად ვერ გახდები და მე ეს ძალიან, ძალიან მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ შენს არჩევანად ვთვლი ამგვარად საქმის წაყვანას. მე ღრმად მწამს, რომ ეს რეჟიმი შენ ამდენს ვერ გაგიბედავდა, შენ რომ წარსულიდან სწორი დასკვნები გამოგეტანა და რეალობის უარყოფით, თავის ღმერთად გამოცხადება არ გეცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამაში ვერ დაგარწმუნეთ. ახლა ვართ იქ, სადაც ვართ – ეგებ ახლა დაგარწმუნო, რომ გასაღები რეალობისთვის თვალის გასწორებაშია. მოკლედ, არ ვიცი, ამ წერილს აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ვთლი, რომ ღირს, კიდევ ერთხელ ვცადო შენი რეალობასთან დაბრუნება – ეგებ, ახლა რამე გამოვიდეს“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები