0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი  ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

„ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები - მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. 

მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე - ეს საკმარისი აღარ არის. 

 მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიაზრე - ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით,"- აცხადებს ნინო ანანიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები