1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - ეკონომიკის მინისტრი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეკონომიკური ზრდით უნდა გაუმჯობესებულიყო. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, რომელთა თანახმადაც მისი დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა - მაშინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია დაახლოებით 63.3 ათასმა ადამიანმა. ჩვენ, ეს ტემპი, ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე, ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეს ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი თქმით, ბევრი ძალიან წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს, ეს არის გამოწვევა ბევრი საზოგადოებისთვის.

„ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.36 გახდა. როგორც იცით, აბსოლუტური მინიმუმია, როდესაც კოეფიციენტი ნულისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო ნაკლებია ჯინის კოეფიციენტი, საზოგადოებაში შემოსავალი მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები