1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.  გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ  ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ადგილობირივ ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან. 

საზეიმო გახსნაზე ასევე მიწვეულნი არიან მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია.ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა გახდება გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი, 

„ქართული სიმღერა უნიკალურია მთელს მსოფლიოში, თავისი მრავალხმიანობითა და ტრადიციული საგალობლებით. თავის მხრივ, კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად შემორჩენილი საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის უნიკალურია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, გურია დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს. გარდა ამისა, 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები  სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს  სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სალოტბარო სკოლების განვითარებას რეგიონში. ამჟამად, მთელ საქართველოში, 22 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, მთავრობის დიდი ხელშეწყობით, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 სალოტბარო სკოლის გახსნაა დაგეგმილი.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები