2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: საქართველოსთვის, შესაძლოა, მშვიდობიანი და დემოკრატიული ნაბიჯებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსიც კი გაჩნდეს. თუმცა, ჯერ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ, შემდეგ კი - ტერიტორიები

 

აიტივი ინტერნეტ მედია ჯგუფისა და ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთ ახალგაზრდა ლიდერს, გიორგი კაპანაძეს ესაუბრა - უკრაინაში მიმდინარე ომსა და ამ ომის პარალელურად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.


აიტივი: გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ არის უკრაინაში მიმდინარე ომი, ჩვენი ომიც?

 

გიორგი კაპანაძე: იმიტომ რომ ახლა სწორედ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი. კერძოდ, სად იქნება ჩვენი ქვეყანა წლების შემდეგ - დაბრუნდება კვლავ სიბნელესა და სიღატაკეში ანუ რუსეთში თუ წავა წინ - მდიდარი და უსაფრთხო ევროპული ოჯახისაკენ.

 

 

იმიტომ რომ თუ პუტინი, რომელიც უკვე იქცა ცივილიზაციის პრობლემად, მიაღწევს წარმატებას უკრაინაში, შემდეგი შესაძლოა, ვიყოთ ჩვენ.

 

იმიტომ რომ დღეს, უკრაინაში, იმპერიალისტური რუსეთი ებრძვის ევროპას, თავისუფლებას, სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და ამით ღია შეტყობინებას უგზავნის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რომ ვინც რუსული ჩექმის ქვეშ ნებაყოფლობით არ გაერთიანდება, მასთან საქმეს ტანკებით გაარკვევს.

 

აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რატომაც არის უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომიც. რატომ გვეხება ეს ომი ჩვენ და რატომ იქნება უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც.

 

- რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად?

 

- ოცნების ამჟამინდელი მიზანია აღმოჩნდეს გამარჯვებულის მხარეს. ოცნება ცდილობს რომ არ გამოხატოს ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იმ გათვლით რომ ჯერ არ იცის ვინ გაიმარჯვებს ომში.

 

 

თუმცა, ეს არ არის მეგობრის დამოკიდებულება. ეს არც კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, რადგან უკრაინაში პუტინი ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებს, კლავს ბავშვებს, მოხუცებს, დაუცველებს...

 

ამ დროს კი, ოცნება მოვლენებს გვერდიდან აკვირდება. ბოლომდე არ დგას უკრაინის გვერდით, აკრიტიკებს მის პრეზიდენტს და ამით იღებს კომპლიმენტებს კრემლისგან.

 

- რამდენად ეფექტური იქნება სანქციები? გააჩერებს დაწესებული სანქციები რუსეთს?

 

- ცხადია, სანქციები ეფექტურია, თუმცა, პუტინს გააჩერებს ძალა. იმის ნათლად დანახვა რომ ომს აუცილებლად წააგებს. ჯერჯერობით, პუტინს, ეს ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს.

 

შესაბამისად, ის, რუსულ არმიასა და იმპერიალისტურ ოცნებებს საკუთარი ხელით მარხავს უკრაინაში, რადგან მას ამ ომის მოგება არ შეუძლია.

 

 

ოკუპანტმა შეიძლება აიღოს რომელიმე ქალაქი, მაგრამ უკრაინას ვერ დაამარცხებს. ჯარი დემოტივირებულია. უკრაინაში შეყვანილი ტექნიკის 30 პროცენტი კი - უკვე განადგურებული.

 

ამიტომ, პუტინს მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოუწევს იმის გააზრება რომ დამარცხდება. მას გარედან მთელი ცივილიზაცია, გმირი უკრაინელი ხალხის ჩათვლით, ხოლო შიგნიდან ეკონომიკა და მზარდი პროტესტი დაანგრევს.

 

- ჩვენ სად ვართ ამ დროს?

 

- ჩვენ გაჩხერილები ვართ კრემლსა და ოცნებას შორის. არადა, ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო და ფორმირდება ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი.

 

ომი დამთავრდება, უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთში სერიოზული პრობლემები დაიწყება, რის გამოც საქართველოსთვის, შესაძლოა, მშვიდობიანი და დემოკრატიული ნაბიჯებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსიც კი გაჩნდეს.

 

ამის ორიენტირი უკვე იკვეთება. შესაძლოა შეიქმნას გარემოება რომ არც თუ ისე შორი იყოს სოხუმი, ცხინვალი... შესაძლოა მალე დადგეს დრო, როდესაც საქართველო, აფხაზების, ოსების დაბრუნებას და მათთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებს.

 

 

დიახ, ჯერ სწორედ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ და შემდეგ ტერიტორიები.

 

ჩვენ მათთან გასაყოფი არაფერი გვაქვს და როგორც კი, სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს, ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის ოკუპანტის ჯარი აღარ იდგება, აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას.

 

აი, ამისათვის უნდა მოვემზადოთ. დავამყაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არაფორმალური კავშირები, ვესაუბროთ, ვეკონტაქტოთ მათ, ავაშენოთ ჩატეხილი ხიდები და ერთად ვიფიქროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ევროსტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები