0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართველი მამლუქი, რომელიც ეგვიპტეს მართავდა

ჩამოტვირთვა

ალი ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის მმართველი მამლუქი. მან დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ხიჯაზი, დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. აიღო დამასკო და დაიკავა სირია. ალი ბეი ეგვიპტეს 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს. ისტორიული წყაროების თანახმად, ალი ბეი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი გახლდათ. 1728 წელს აფხაზეთში, მართმადიდებლური ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა და იოსები დაარქვეს. 13 წლისა იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. პატარა ქართველი ქართული წარმოშობის მამლუქმა იბრაჰიმ ქათხუდამ იყიდა, გაამაჰმადიანა, ახალი სახელი დაარქვა და თავად აღზარდა. ალი ბეის აღმზრდელი და ეგვპიტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამლუქი იბრაჰიმ ქათხოდა 1741 წელს გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ ის მოწინააღმდეგეებმა მოწამლეს. მისი ადგილის დაკავების შემდეგ, ალი ბეი ალ-ქაბირი, პირველ რიგში, საკუთარი აღმზრდელის მკვლელებს გაუსწორდა, რის შემდეგაც წამყვან თანამდებობებზე ქართული წარმოშობის მამლუქები დანიშნა და ეგვიპტის მმართველიც მალევე გახდა. საქართველოსადმი ალი ბეი ალ ქაბირის დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან აფხაზეთიდან ეგვიპტეში წაიყვანა საკუთარი ოჯახი. მამა, და და დის შვილი. აღსანისნავია ისიც, რომ ფრანგი ისტორიკოსების ცნობით, წარმოშობით ქართველი გახლდათ ალი ბეის ერთ-ერთი მეუღლე ნაფისაც. სილამაზითა და გონიერებით განთქმული ნაფისა საოცრად მზრუნველი ქალი ყოფილა და მას მამლუქების დედას ეძახდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, ნაფისას დიდ პატივს სცემდა თვით ნაპოლეონ ბონაპარტეც კი. ალი ბეი ალ ქაბირთან დაახლოებულ ქართველ მამლუქთა შორის იყო მისივე აღზრდილი, ასევე ქართველი, მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი, რომელიც ალი ბეის სიძეც გახლდათ. სწორედ მუჰამედი დაუპირისპირეს ალი ბეის წარმატებებით შეშფოთებულმა ოსმალებმა ეგვიპტის ქართველ მმართველს. 1773 წელს, როდესაც ალი ბეი სირიაში იმყოფებოდა, ეგვიპტეში დარჩენილმა მუჰამედმა საკუთარი აღმზრდელის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. აჯანყების ჩასახშობად, სირიიდან ეგვიპტისკენ გაემართა ალი ბეი, მაგრამ ქაირომდე მისვლა ვერ მოასწრო, აჯანყებულმა ბეგებმა მისი ჯარი დაამარცხეს. ამ ბრძოლაში დაიჭრა ალი ბეი და 1773 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეგვიპტის მმართველი მოღალატე მუჰამედი გახდა. მეთხუთმეტე საუკუნეში საქართველოს დანაწევრების შემდეგ, ეგვიპტის მამლუქთა არმიის გარდა, ქართველი მეომრები მსოფლიოს სხვა არაერთი ქვეყნის ღირსებასაც იცავდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოსთვის ტყვეებით ვაჭრობა და ბავშვების მოტაცება უცხო არ იყო. ათიათასობით ქართველი გაყიდეს მაშინ ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ტუნისში, ლიბიასა და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები