0 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან 60%, რეგიონებში კი 30% „ომიკრონია“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონის“ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში - 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში, რაც მთავარია, ის არის საკმაოდ სწრაფად მზარდი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ლუგარში“ „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 951 შემთხვევაა, საიდანაც 621 შემთხვევა უკვე შესწავლილია. შესწავლილი შემთხვევების მიხედვით, „ომიკრონის“ გავრცელების საშუალო ასაკი არის 32-33 წელი.

„ეპიდსიტუაცია მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა ანუ თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. გუშინ ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან, რამდენი დასტურდება „ომიკრონზე“ და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში „ომიკრონის“ არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში - 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში, რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამასთან ერთად, რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად „ლუგარში“ დადასტურებული და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი, ვისაც ტელეფონით დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ, შესაბამისად ღრმა ეპიდკვლევა ჩაატარეს და ვიცით ამ 621 ადამიანის შესახებ მონაცემები. საშუალო ასაკი მათი არის 32-33 ანუ ძირითადად ახალგაზრდები არიან, აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, აქედან 5 წლამდე ასაკის იყო -13 და მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე დანარჩენები არიან უცხოელები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს შორისაც არის საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით, მათგან 7 უკვე გაეწერა და 4 რჩება ჯერჯერობით ჰოსპიტლებში, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია. ძირითადად, ეს შემთხვევები მიდის „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ჰელსმეტრიქსის“ პროგნოზით, თებერვლის პირველ დეკადაში საქართველოში იქნება პიკი, როდესაც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შესაძლოა 15000-მდე ავიდეს.

„ჰელსმეტრიქსის“ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30%, ანუ შეიძლება გვქონდეს დღიურად 10000-12000, 15 000-მდე შემთხვევის დატვირთვა.

რატომ არის ეს შემთხვევების რაოდენობა, სამი ძირითადი მიზეზია - ერთი, „ომიკრონის“ აქტიური ცირკულაცია ქვეყანაში, მეორე- საახალწლო დღეებში ძალიან გვიყვარს ყველას ერთად ყოფნა და მესამე - ის დიდი მობილობა, რაც განსაკუთრებით ზამთრის კურორტებთან არის დაკავშირებული და ზოგადად მობილობა საახალწლო დღეებში. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს გვაქვს 5400 შემთხვევა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები