1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავის არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი, რამდენიმე დღეშიც შეიძლება გარდაიცვალოს – ზურაბ გურული ლექსო ლაშქარავაზე

 

”თავის არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება გარდაიცვალოს” – აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, ტელეკომპანია პირველის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და შუალედური ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს.

”საინტერესო იქნებოდა ქართული ექსპერტიზის დასკვნის წაკითხვა, თუ როგორ დაადგინეს გვამის გაკვეთით ნარკოტიკული ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვეული “პროფესიონალიზმით” იქნება შედგენილი.

ასევე ნარკანით “რეანიმაციის” პიკანტური წვრილმანებიც; მაგრამ …
მაგრამ ამ კამათში ჩარევა სრული უაზრობაა. უაზრობაა თუნდაც იმიტომ, რომ ეს სცენარები უაზრო კამათის გასახურებლადაა შექმნილი; კამათის, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება; ქართული საზოგადოების “საკონტროლო პაკეტს” მიაწოდონ მოხერხებულად შექმნილი “საფუძვლიანი ეჭვი” მსხვერპლის შესახებ; ეჭვი, რომლითაც “პაკეტი” სინდისს დაიცხრობს და თავს დაირწმუნებს, რომ უდანაშაულო ოპერატორი სადისტური ძალადობის მსხვერპლი კი არ გახდა, რომელზეც პასუხისმგებელი მის მიერ არჩეული მთავრობაა, არამედ მან პრაქტიკულად თავი მოიკლა.

მურტალოს ცნობილი ცინიკური ფილოსოფიაა: – ყველა კაცი თავად იკლავს თავს -.
მარტივი და ბოროტი ტაქტიკა. წმინდა მილიციურ-“ნასედკური”; ციხეებში აპრობირებული. დამნაშავედ თავად მსხვერპლი გამოჰყავთ. არავითარი აზრი არა აქვს საფუძვლიან კამათს იმის შესახებ, რომ თავის ( და არამარტო ) არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალოს უამრავი სახიფათო მიზეზის გამო; არც იმის შესახებ, რომ ცხედარის ბარბაროსულად გატაცება და არაბუნებრივი სისწრაფით ჩატარებული “ექსპერტიზა” თავისთავად ქმნის საფუძვლიან ეჭვს; მთავარი კამათის წამოწყებაა; კამათის, რომელსაც ოფიციალურ სამთავრობო მედიაში მოხერხებულად წარმართავენ პროფესიონალი აფერისტები და დემაგოგები, ხოლო სოცქსელებში კი გაწვრთვნილი “ნასედკები”, რომლებსაც პოლიტკორექტულად ტროლ-ბოტებს უწოდებენ.

ზუსტად ანალოგიური მეთოდიკით წარიმართა ყველა გახმაურებული მკვლელობის საქმე. საზოგადოებაში მიმდინარე პროტესტი უსასრულო კამათში გადაიზარდა და საბოლოოდ როგორ დასრულდა, ვერც კი გავიგეთ.

– სახელმწიფოს არ გადაგატრიალებინებთ ვიღაც ნარკომანის გამო, რომელიც ზედოზირებით მოკვდა – ეს არის ის მესიჯი, ძალიან ხანმოკლე დაბნეულობის შემდეგ უცებ რომ აიტაცა “საკონტროლო პაკეტმა” და უტეხი ცინიზმით პირში ჩრის ოპონენტებს. არგუმენტები იმის შესახებ, რომ ქვეყანა პოლიციურ ჯოჯოხეთად იქცა, რომ არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, რომ ადამიანებს უარს ეუბნებიან კონსტიტუციით გარანტირებულ ბაზისურ უფლებებზე, რომ ქართული სახელმწიფო სეკულარიზმი ფიქციაა, რომ ფსევდორელიგიური ფანატიზმი სახელმწიფო დონეზეა წახალისებული, რომ ზიზღისა და სიძულვილის ენა რუტინულად ჟღერს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა სამეტყველო აპარატებიდან … ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. “მურტალო” ამბობს, რომ ყველა კაცი თავად იკლავს თავს; ჰოდა ლექსომაც მოიკლა და მორჩა ბაზარი.

სცადეთ და გაიაზრეთ ეს სიდამპლე თავისი ყველა ასპექტით. სასოწარკვეთილი შეძრწუნება მოაქვს, არა? “- წერს ზურაბ გურული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები