პოლიტიკა
თუ გახარიამ რადიკალურად არ შეცვალა პოზიციონირება, პოლიტიკური ღამურას როლისთვის არის განწირული – ხათუნა ლაგაზიძე
2021-06-08 13:29:33
თუ გიორგი გახარიამ რადიკალურად არ შეცვალა საკუთარი თავის პოზიციონირება ძალიან რთული იქნება, ის პოლიტიკური ღამურის როლისთვის არის განწირული, ანუ ვეღარც „ქართული ოცნებიდან“ წამოიღებს იმდენ ხმას რამდენის იმედიც ჰქონდა და ასეთ მოკლე დროში ვეღარც ოპოზიციურ ამომრჩეველს შემოიმტკიცებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ განაცხადა.
„წერილმა გიორგი გახარია პოლიტიკურ ღამურად აქცია. მისი გზავნილები უკვე როგორც ოპოზიციური ლიდერისა მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისკენ, უფრო მეტიც მას ჰქონდა იმედი, რომ პოლიტიკური მზითვით ხელდამშვენებული შემოვიდოდა პოლიტიკურ არენაზე, ამიტომაც მისი მესიჯების შინაარსი, გამოსვლის ფორმა, ენერგეტიკა და ყველაფერი მიმართული იყო სწორედ ამ ამომრჩეველზე.
სხვადასხვა კვლევით, რომელიც ბოლო პერიოდში არა ერთი ტარდება, მას მართლაც ჰქონდა იმგვარი პროცენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი ლიდერების შფოთი გამოიწვია. მისი წამოსვლით, „ქართული ოცნებისთვის“ ესოდენ სასურველი 43% დგებოდა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ და მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ამ წერილით იყო სწორედ ის, რომ მან დააზღვიოს „ქართული ოცნება“ იმისგან, რომ 43%-ს არ შეექმნას საფრთხე.
თუ გიორგი გახარიამ რადიკალურად არ შეცვალა საკუთარი თავის პოზიციონირება ძალიან რთული იქნება, ის პოლიტიკური ღამურის როლისთვის არის განწირული, ანუ ვეღარც „ქართული ოცნებიდან“ წამოიღებს იმდენ ხმას რამდენის იმედიც ჰქონდა და ასეთ მოკლე დროში ვეღარც ოპოზიციურ ამომრჩეველს შემოიმტკიცებს. გიორგი გახარიას ათასი რამ შეიძლება აუგორონ – რეალური თუ არარეალური, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, ის რამდენად მზად არის ნამდვილი ბრძოლისთვის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
კომენტარები