0 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პროკურატურამ სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულების ყოფილი ინსპექტორი პატიმრის ცემისთვის დააკავა

მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულების რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი კახა ყალიჩავა ზედმეტსახელად ცხრათითა დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, პატიმარი დანტე რეხვიაშვილის მიმართ საპყრობილის რეჟიმის ინსპექტორმა და ამავდროულად კორპუსის ზედამხედველმა კახა ყალიჩავამ ფიზიკური ზეწოლა განახორციელა.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ყალიჩავამ შეიტყო, რომ  დანტე რეხვიაშვილი თავს არ ცნობდა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებაში. ამ მიზეზით, მან დანტე რეხვიაშვილი მის თანასაკნელებთან ერთად გაიყვანა საპყრობილის აბაზანაში და მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა, რაზედაც უარის მიღების შემდეგ თავში რადიოგადამცემი ძლიერად ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, რის შემდეგაც N8-ე საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ლ.ჩ.-სთან და ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად განაგრძო ძირს დაგდებული დანტე რეხვიაშვილის სცემა. ძლიერი ტკივილის მიუხედავად ნაცემ პატიმარს არ მიეცა სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.

კახა ყალიჩავას  ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ყალიჩავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები