0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ცემაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

21 წლის სექსმუშაკი ი.ლ. ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ შორის, განყოფილების უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცემაში ადანაშაულებს. ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს. 

ი.ლ.- ს მონათხრობის მიხედვით, დღეს დილით ელბაქიძის დაღმართზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში მივიდა და შაურმა შეუკვეთა. გამყიდველი მას, რაკიღა მიხვდა, რომ მყიდველი სექსმუშაკი იყო, აგდებულად დაელაპარაკა და საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც გამყიდველმა გოგონას დაარტყა.

ი.ლ.- მ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა პატრულის ეკიპაჟის ნაცვლად მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. გოგონა ამბობს, რომ პოლიციას მისთვის დახმარება არ აღმოუჩენია და რეაგირება არ მოუხდენია. პოლიციელებმა კონფლიქტის მხარეები „შეარიგეს“ და წავიდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ი.ლ.- მ კვლავ დარეკა პოლიციაში, განაცხადა, რომ გამოძახებულ პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ და კვლავ ითხოვა ეკიპაჟის გამოძახება, მოითხოვა სასწრაფო დახმარებაც.

გოგონას სხეულზე გარეგნული დათვალიერებით ჩალურჯებები, და დასისხლიანებული ნაჭდევები ეტყობა, ი.ლ-ს თქმით, ხელმეორედ გამოძახებულმა პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან თმით გადმოათრიეს, თრევით წაიყვანეს პოლიციის მანქანისკენ და ურტყამდნენ. 

„ხელმეორედ გამოძახებისას იგივე პოლიციელები მოვიდნენ, ვინც ადრე. რომ დავინახე, ვკითხე აქ რა უნდოდათ და იგივე პოლიციელები რატომ მოვიდნენ. პოლიციელი მაგინებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ჩაკვდიო, მეუბნებოდა, საპასუხოდ შევაგინე და ხელსახოცი ვესროლე, მაშინვე მეცა, თმებით ჩამომათრია, მირტყამდა და პოლიციის მანქანისკენ მიმათრევდა. შემდეგ სამმართველოშიც გადამიყვანეს და იქაც მირტყამდნენ" - ყვება. ი. ლ.

გოგონამ მეგობარს დაურეკა, მეგობარმა კი ადვოკატ ნინო ბოლქვაძეს, ი.ლ.-ს ინტერესებს ბოლქვაძე იცავს. 

ბოლქვაძის თქმით, პოლიცია ცდილობს, გოგონაზე ზეწოლა მოახდინოს და ჩვენებაზე უარი ათქმევინოს. „მას უთხრეს, რომ თუ არ იჩივლებდა, მხოლოდ ჯარიმით გადარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებით ემუქრებიან", - ამბობს ადვოკატი. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები საკმაოდ აგდებულად და დამცინავად მიმართავდნენ დაზარალებულსაც და ადვოკატსაც. მაგალითად, - „რა ხდება აბა, გადარჩება?" - ჰკითხა ერთმა პოლიციელმა ექიმებს.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თავდაპირველად ადვოკატს ნებას არ რთავდნენ, საავადმყოფოში გაჰყოლოდა, როცა პოლიციელი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იჯდა. ბოლქვაძე კი შიშობდა, რომ გზაში გოგონაზე ზეწოლას მოახდენდნენ. 


ამ მომენტისთვის გოგონა ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. ადვოკატმა დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სახალხო დამცველის აპარატში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პოლიცია ი.ლ.-ს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში სდებს ბრალს.


liberali.ge
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები