მსოფლიო
"უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს, რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ“
2020-07-30 11:59:06
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„გასაჩივრებას ბუნებრივია ვაპირებთ, არა იმიტომ რომ სააპელაციო სასამართლოს იმედი გვაქვს და გვგონია, რომ იქ დაგვხვდება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეები, არამედ იმიტომ რომ ჩვენი, ანუ დაცვის მხარის ვალდებულებაა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის, რა პრინციპებისა და რა ღირსების მოსამართლეები დაგხვდებიან სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოებში. მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ, რომ თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ მე მეგონა 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა რომ 4 წელი მიუსაჯა, ამ ნაწილში იყო მოულოდნელი. საქმეში, არცერთ მუხლთან დაკავშირებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დამშანავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს, რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
კომენტარები