0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერლინ მონრო – ვარსკვლავი რომლის ფოტოები და ფილმები მილიონობით ტირაჟით იყიდება

ჩამოტვირთვა

ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის კინო-ოლიმპის მწვერვალზე გამოჩენა სასწაულს ჰგავდა...არც მეტი არც ნაკლები მერლინ მონროზე ვსაუბრობთ... ვარსკვლავი, რომლის ფოტოები და ფილმები- მილიონობით ტირაჟით იყიდება. პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე. არშემდგარი პირადი ცხოვრება და ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შემწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა. ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული... რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა. ამიტომ მერლინის ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით დამთავრდა. იგი ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური - მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლზე. მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ მსახიობი დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიიდან “გამოსავლის” ძიებაში – ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა. და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა თვითმკვლელობაზე საფუძვლიანად ჯერ არავის უარუყვია, მერლინ მონროს სიკვდილი მაინც უამრავ ეჭვს, აზრსა და ვარაუდს ბადებს... ამბობენ, რომ მერლინი 8 ჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ზუსტი ცნობები მხოლოდ მისი 3 ქმრის შესახებ არსებობს. ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი. ჯიმი და მერლინი 1942 წლის 19 ივნისს დაქორწინდნენ. ცოტახნის შემდეგ კი მერლინი მოდელის კარიერას იწყებს. 1945 წლის შობის დამდეგს დაგერტი არჩევანის წინაშე აყენებს: ან მე, ან ჟურნალებიო. ნორმა პასუხს გაურბის, მაგრამ მოგვიანებით, ხომალდზე უგზავნის ქმარს გაყრისთვის საჭირო დოკუმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარკსვლავის - ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას. იანვარში კი დაქორწინდა. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე, განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება, საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე. 9 თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და 2 შვილი ჰყავდა: “იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ”, -ამბობდა მერლინი. გაცნობის დღიდან დიდხანს არ უნახავთ ერთმანეთი, მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეხვდნენ და დაიწყო საიდუმლო პაემნები. მალე მილერი ცოლს გაშორდა და 1956 წლის ზაფხულში მერლინი ცოლად მოიყვანა. ერთად 4 წელი იქნებიან, მერლინი “თავის სიცოცხლეს” უწოდებს. 1961 წლის 20 იანვარს კი გაეყრებიან, ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა. მილერისთვის მერლინთან ურთიერთობა მძიმე ტვირთად გადაიქცა: ერთობლივი ცხოვრების 4 წლის მანძილზე ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მერლინი კი ფილმებში გადაღებასა და კარიერის შენებას განაგრძობდა. მერლინ მონრო მთელი ცხოვრება შვილს ნატრობდა, მაგრამ ვარსკვლავობისა და ფილმებში გადაღების ძლიერმა სურვილმა ოცნების ახდენა შეუძლებელი გახადა. ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები ჰქონდა – 30-ზე მეტმა აბორტმა თავი იჩინა. 1957 წელს, არტურ მილერთან ქორწინების დროსაც დაფეხმძიმდა და დედობის მოლოდინში სიხარულით მეცხე ცაზე იყო. მაგრამ გარეორსულობა აღმოჩნდა და სიხარული მკვდრადშობილი ბავშვით დასრულდა. ასეთმა დარტყმამ მერლინი დეპრესიაში ჩააგდო, ბევრს სვამდა და ქაოტურად იღებდა წამლებს. ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” გადაღებების დროს ისევ ორსულადაა და კლინიკაში წვება, ზამთარში - ისევ ნაადევად იმშობიარებს, ისევ მკვდარი ბავშვი. ერთხელ მერლინს დაქალისთვის, ემი გრინისთვის უთქვამს, რომ 15 წლისამ შვილი გააჩინა და თავშესაფარში ჩააბარა. სიმართლეა ეს, თუ - მერლინის ფანტაზია, გაურკვეველია. მაგრამ 2000 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამოჩნდა კაცი, სახელად ჯოზეფ ფ. კენედი, რომელიც ამტკიცებდა მერლინის შვილი ვარო, როგორც ჩანს, ეს მორიგი თაღლითობა იყო, ექსპერტების რწმუნებით მერლინის მემკვიდრეობა წლიურად ხომ $ 5.000.000–ით იზრდება! მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო რამდენიმე ვერსიაა ცნობილი. თაყვანისმცემლების ბრბოების მიუხედავად, მერლინი მარტოსული და დეპრესიული იყო. როგორც ჩანს, მისი შიში, დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ იყო. თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ - აბები მიიღო. ჯონი ჰაიდის სიკვდილის შემდეგაც ჰქონდა მცდელობა. 1958 წელს ფსიქიატრი შიზოფრენიის ნიშნებსაც ამჩნევს. ბოლო ფილმზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ნერვული შეტევა ჰქონდა და კლინიკაში “ნაკლებად შფოთიანების” პალატაში ათავსებენ. ასეთი ფსიქიკის ფონზე, არც თვითმკვლელობაა არარეალური. ისტორიაში მერლინ მონრო გაცილებით დიდი მოვლენა იყო ,ვიდრე უბრალოდ ლამაზი და სექსუალური ქერა ქალი, მას ჰქონდა ულამაზესი ღიმილი, იყო და მუდამ დარჩება დაუბერებელი სილამაზის ეტალონად, რადგან მისი სიბერე არავის უნახავს. ის იყო ქალი, რომელმაც იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები