1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო ეუთოს რეზოლუციის მოლოდინში

ჩამოტვირთვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით "საქართველოში არსებული მდგომარეობა" დღეს დაამტკიცებს. გუშინ გამართულ სხდომაზე დოკუმენტს მხარდაჭერა ყველა ქვეყანამ გამოუცხადა, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთი იყო. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა რეზოლუციას არაობიექტური და არაკორექტული უწოდა. ათპუნქტიან დოკუმენტში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზეა საუბარი, ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების დარეგულირებას გულისხმობს. პროექტის ავტორი კი პოლონეთის წარმომადგენელი "საქართველოში ეუთოს ყოფილი მისიის ვალდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობა კონფლიქტების და დაძაბულობის დარეგულირებისთვის საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ საზღვრებში. შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობით, როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და ასევე მათი უფლების არაღიარებით, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს. მივესალმებით საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას, მათ შორის 2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას და არჩევნების რეფორმირების პროცესს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გულისმობს და მიმართულია 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარეებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, სრულად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა, გაზარდონ ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობა, როგორც პროცესისა, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ მექანიზმს გაჭიანურებული კონფლიქტის დარეგულირებისა და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის. "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და პარლამენტს, ასევე აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე-ფაქტო მთავრობებს, დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები წინააღმდეგობის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო), როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საქართველოსა და აფხაზეთის (საქართველო) და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) საზოგადოების თანდათან დაახლოება. მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში, როგორც ნდობის გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმი. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზებული იყოს ეუთოს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასაბლეა, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად იყენებს ტერმინ ოკუპაციას. მონაკოში მიმდინარე ეუთოს შეხვედრებში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინიც მონაწილეობს. გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას თავდაცვის იარაღის მნიშვნელობაზე ამახვილებს. ეუთოს საპარლამენტო ასაბლეაზე კენჭს უყრიან ასევე ეუთოს ვიცე სპიკერის თანამდებობას. წარდგენილ ექვს კანდიდატს შორის, ერთ-ერთი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელია. არ არის გამორიცხული, ეუთოს ახალი ვიცე-სპიკერი სწორედ გიგი წერეთელი გახდეს. საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ რეზოლუციამდე ეუთოს საპარლამენტო ასაბლეამ ეგრეთწოდებული ,,მაგნიტსკი სია’’ დაამტკიცა. დოკუმენტი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გაატაროს სანქციები 60-მდე რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ. ეუთოს საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა, ხოლო ისინი ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ. ეუთომდე მაგნიტსკის სია შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები