1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა

FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერი იყო.

მას შემდეგ, რაც ტყვია ტრამპს ააცილა, უფრო ზუსტად – ყურში მოარტყა,მსროლელმა რამდენიმე ტყვია ესროლა შეკრებილ ხალხს, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და კიდევ ორი ​​მძიმედ დაჭრა. მას ესროლეს და მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და როგორც ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.

თომას კრუქსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი იდენტიფიკაცია დნმ-ით შეძლო.

თომას კრუქსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდაპიტსბურგის  წყნარ გარეუბანში, ბეთელ პარკში, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს მან დაამთავრა სკოლა და მიიღო პრიზი – 500 დოლარი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ კრუქსი იქვე, მოხუცთა სახლის სამზარეულოში მუშაობდა.

როგორც ამერიკულმა პრესამ გაარკვია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რესპუბლიკელი კანდიდატის, ტრამპის მკვლელობა სცადა, თავად ოფიციალურად დარეგისტრირდა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად.

თუმცა, სამი წლის წინ მან თანხა  – $15 შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. ამერიკული პრესის ცნობით, მკვლელობის დროს კრუქსს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუქსმა გამოიყენა სროლისას,  მამამისმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ლეგალურად იყიდა. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მოტივები უცნობია

”ჩვენ ვერ დავადგინეთ მისი მოტივი ამ დროისთვის,” – თქვა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და გამომძიებლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა კრუქსი ტრამპისთვის ესროლა.

თომასის მამამ, მეთიუ კრუქსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა და მან უნდა ისაუბროს სამართალდამცავებთან, სანამ შვილზე პრესასთან ისაუბრებს.

მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუქსის სახლს და მიმდებარე სახლებს და სასწრაფოდ მოახდინა მათი მეზობლების ევაკუაცია. ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ ამის მიზეზი კრუქსის სახლში სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები