2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მღვდლები ფიზიკური სამუშაოსთვის მიდიან ევროპაში, ან საქართველოში "ტაქსაობენ"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

"საკითხი, რომელზედაც თითქმის არ ვსაუბრობთ და ტაბუირებულია, არადა უმწვავესი საჭირბოროტო სატკივარია დღევანდელ ქართულ ეკლესიაში…

ლამის ყოველდღე მესმის, რომ რომელიმე სასულიერო პირი (მღვდლები, მღვდელმონაზვნები…) ფიზიკური სამუშაოსთვის მიდიან ევროპაში, ისრაელში, ამერიკაში, ან საქართველოში კავდებიან მცირე ბიზნესით, ტაქსაობით და ა.შ., ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საეკლესიო მმართველობის მიერ სამღვდელოებას, პედაგოგიური საქმიანობის გამოკლებით, ეკრძალება საერო სამსახურებში მუშაობა და სამოქალაქო სამოსით სიარული (განსხვავებით ევროპა-ამერიკისგან, სადაც ჩვეულებრივი მოცემულობაა, რომ სასულიერო პირი შეთავსებით სამოქალაქო სამსახურითაც დაკავდეს). სამღვდელო ხარისხისათვის შეუთავსებელი და რჯულისკანონით აკრძალული ეს ქმედებები (ანუ საერო საქმიანობის/სამსახურის განხორციელება) ქართული სამღვდელოების დიდი გაჭირვების და მოუწესრიგებელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია. სამღვდელოებისთვის ხელფასების არ არსებობა, მატერიალური შემოსავლის (შესაწირის) სიმცირე, არასისტემურობა, ჯანდაცვის დაზღვევის არ ქონა, დღევანდელ დუხჭირ და ძვირ ყოფაცხოვრებაში არსებობას შეუძლებელს ხდის უამრავი სასულიერო პირის და მათი ოჯახებისთვის. დღეს, როდესაც მდიდარი (თუ უმდიდრესი) იერარქების, თუ ცალკეული მღვდლების შემხედვარე ქართველ ხალხში მასობრივად ჩამოყალიბდა “მდიდარი მღვდლის” სტერეოტიპი, რეალურად რაიონების სამღვდელოების დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაშია.

 

როგორ უნდა ხდებოდეს მღვდლის სოციალური საარსებო უზრუნველყოფა ადმინისტრაციულად ნორმალურად მოწყობილ ეკლესიაში?! მოგეხსენებათ, დღეს შეუძლებელია ადამიანი არსებობდეს ფიქსირებული სახელფასო და საპენსიო შემოსავლის გარეშე, შესაწირი კი, რომელიც ითვლება ქართულ ეკლესიაში მღვდლის საარსებო წყაროდ, არაფიქსირებული და არანორმირებულია, შესაბამისად რომელიმე მღვდლის თვიური შესაწირი (ანუ შემოსავალი) შეიძლება 100 ლარსაც ვერ უტოლდებდეს, რომელიღაც მღვდლის კი 2000 ლარი იყოს, ან უფრო მეტიც (გააჩნია ტაძარს და სამრევლოს). მაგრამ სოფლების, დაბების, წვრილი ქალაქების ტაძრების სამღვდელოების შესაწირი, რა თქმა უნდა, მასობრივად მიზერულია. საქმეს ართულებს საქართველოს ეკლესიაში ფიქსირებული სამღვდელო შტატების არ არსებობა და ქაოტური ხელდასხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამღვდელო ხარისხებში იკურთხებიან პირები შეუზღუდავად, ულიმიტოდ, იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეძლებენ ისინი თავის რჩენას კონკრეტულ ეპარქიაში. მეფის რუსეთის პერიოდში (და მანამდეც) საქართველოს ეკლესიაში მკაცრად იყო მოწესრიგებული სამღვდელო შტატები, რაც იმას გულისხმობდა, რომ კონკრეტულ რიცხვზე მეტი ვერ იკურთხებოდა მღვდლად, დიაკვნად და მოწესრიგებული იყო მათი სახელფასო უზრუნველყოფა. თუ არ გარდაიცვლებოდა სამღვდელო პირი, ან პენსიაზე არ გავიდოდა, მანამდე ახალი პირი შტატში ვერ ჩაჯდებოდა და ვერც ეკურთხებოდა სამღვდელო ხარისხში. საშტატო ერთეულების განსაზღვრა (ანუ ყოველ ეპარქიას რამდენი მღვდელი, დიაკონი, მედავითნე ჭირდება და უნდა ჰყავდეს) რეალურად ხელფასების ხარჯთაღრიცხვის და გაცემის აუცილებელი წინაპირობაა. საბჭოთა ეპოქაში ეს ყველაფერი მოიშალა და დღემდე თვითდინებით გრძელდება ეს ანარქია.

 

დგება მეორე საკითხი: საიდან უნდა მისცეს საპატრიარქომ თავის სამღვდელოებას ხელფასი? თავი რომ დავანებოთ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ 25 მილიონს (რომელსაც საპატრიარქო ხარჯავს მხოლოდ თავის მიერ დაფუძნებულ დაწესებულებების: უნივერსიტეტები, სემინარიები, აკადემიები, სკოლები, ბაგა-ბაღები, სოც. დაუცველთა თავშესაფრებისთვის, ეკლესიას შეუძლია თანხების კონცენტრირება და თანაბარი განაწილება საკუთარ წიაღშივე, თუ ყველა ეკლესია-მონასტერში და საეკლესიო მაღაზიაში გაყიდული სანთლის, ჯვარ-ხატების და სხვა საეკლესიო პროდუქციის შემოსავლები შეიკრიბება საერთო ფონდში (საქართველოს ეკლესიის საერთო ბიუჯეტი) და არ იქნება ამ თანხების უკონტროლო გაფანტვა და გაფლანგვა, როგორც ეს დღეს ხდება. მაგალითად ევროპა-ამერიკის ბერძნულ და სხვა ეკლესიებში ნათლობა-ჯვრისწერებზე არის ოფიციალურად დადგენილი გადასახადი (ხელმისაწვდომ ფასში), რომელიც რეგისტრირდება ერთიან ბაზაში და თანახაც აღირიცხება საბანკო წესით და ერთიან საეკლესიო (ან საეპარქიო) სალაროში ირიცხება. ეს თანხა სრულ მომსახურებას მოიცავს, დამატებითი ხარჯი გამორიცხულია, ტაძარში მიმავალმა ადამიანმა ზუსტად იცის რამდენი სჭირდება და რას დახარჯავს. ეს ბევრად მოწესრიგებული სისტემაა და უკმაყოფილო არავინ რჩება, იმ უკონტროლო ნეგატიურ მოვლენებთან შედარებით, რაც ქართულ ტაძრებში ხშირად ხდება და ხალხის მუდმივი დაბრკოლდების საფუძვლად იქცა.

 

მსოფლიოში ყველა ნორმალურად ადმინისტრირებულ ეკლესიაში ამგვარად ხდება თანხების მობილიზება და მდიდარი თუ ღარიბი სამრევლოების ფინანსური დაბალანსება და უზრუნველყოფა. 30-40 წლის უკან სამღვდელოების ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა ნაკლებად იდგა საქართველოს ეკლესიაში, რადგან მთელი სამღვდელოება 100 კაცსაც ვერ აღწევდა (უხეში არითმეტიკით, ერთ რაიონზე მოდიოდა ერთი მღვდელი) და შესაბამისად შემოსავლები მეტი მოდიოდა თითოელ მათგანზე, მაგრამ ახლა როდესაც სამღვდელოების რიცხვი განუზომლად გაიზარდა (და უხეში არითემტიკით, ერთ რაიონზე ახლა 40 სასულიერო პირი შეიძლება მოდიოდეს), სამაგიეროდ კი ქვეყნაში მკვეთრად შემცირდა მოსახლეობაც და გაჭირვებამაც არნახულად იმატა, ბუნებრივია ეს აისახა შესაწირზეც, ანუ მაშინდელთან შედარებით დღევანდელი მღვდლის შემოსავალი მკვეთრად გაუარესდა, რაც სისტემურ ადმინისტრაციულ-საფინანსო რეფორმებს მოითხოვს უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, რომ საეკლესიო ადმინისტრაციას ბედის ანაბარად ჰყავდეს მიშვებული საკუთარი სამღვდელოება და არ ფიქრობდეს და ზრუნავდეს მათ საარსებო მდგომარეობაზე, მათთვის საარსებო ფიქსირებულ მინიმუმით უზრუნველყოფაზე."


კომენტარები

მსგავსი სიახლეები