1 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"როდესაც ფქვილის მწარმოებლებმა გააცნობიერეს, რომ ღარიბები შვილებს ტომრებისგან ტანსაცმელს უკერავდნენ, ხარისხი გააუმჯობესეს და ფერადი გახადეს.."

 

სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თხოულობენ. გასაკვირი ამაში არც არაფერია, რადგან აღარავინ უარყოფს მოსახლეობის რეალური შემოსავლის სტაგნაციას.  არ ვიცით, რამდენად შეიძლება დავაკავშიროთ ეს ყველაფერი იმასთან, რომ სწორედ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ჯგუფებში აქტიურად აზიარებენ 1930 წელს, ჟურნალ “Life”-ში გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ასახულია ამერიკაში, დიდი დეპრესიის პერიოდი, როდესაც  ფქვილის ტომრების მწარმოებლებმა შემაშფოთებელი ამბავი გაიგეს, კერძოდ კი, ქალაქში ისეთი გაჭირვება იყო, რომ  ბავშვები პრაქტიკულად შიშვლები იყვნენ, მშობლებს იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რომ მათთვის ერთი ხელი სამოსი შეეძინათ და  ამიტომ, მოხერხებულმა ქალებმა გამოსავალი ფქვილის ტომრებისგან ტანსაცმლის კერვაში ნახეს. ამ ამბავმა მწარმოებლებს გული აუჩუყათ დ გადაწყვიტეს, ფქვილი ფერად ტომრებში დაეფასოებინათ და გაყიდვაში ისე ჩაეშვათ.

ფულის უქონლობის გამო, ქალებმა ამ ტომრებისგან  კაბების, თეთრეულის, პირსახოცების, ფარდების და ბევრი სხვა საჭირო სამოსის კერვა დაიწყეს.  ბავშვები სკოლაში ისეთი შარვლით დადიოდნენ, რომელსაც მაგალითად, კარტოფილის კომპანიის ლოგო შეიძლება ჰქონოდა, თუმცა დაცინვას ვერავინ გაბედავდა.

ძალიან მალე, მწარმოებლებმა შეიტყვეს მათი შეფუთვის გამოყენების ამ გზის შესახებ და კომპანიები ერთმანეთს კიდევ უფრო საინტერესო ნიმუშებით ეჯიბრებოდნენ. მაღაზიებში დაიწყო ბროშურების ნიმუშების გაყიდვა. გარდა ამისა, ზოგიერთმა მწარმოებელმა ტომრებზე  დიასახლისებისთვის ინსტრუქციებიც კი მიამაგრეს, თუ როგორ უნდა გაერეცხათ იგი საჭიროების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ამერკაში, 1929 წლიდან 1932 წლამდე სოფლის მეურნეობის შემოსავლები 70%-ით შემცირდა. ოქროს ფასი ძირეულად შეიცვალა დოლარის მიმართ. მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. დიდი ქალაქების გარეუბნებში ახალი, ღარიბული კვარტალები გაჩნდა. სწორედ ამ მოვლენას ამერიკის „დიდი დეპრესია” ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ  UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პრაქტიკულად შიმშილობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27.6%, 216.8 ათასი ბავშვი, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს.

                                                                                                                              ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები