1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა”…

ჩამოტვირთვა

…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა. დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს… დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი. ამ დიდებული ადამიანის სილამაზემ იოსებ ნონეშვილს ეს გენიალური ლექსი შეაქმნევინა, პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა კი ამომწურავად დაახასიათა ამ სილამაზის ღრმა სიმბოლურობის ძირები: „ამ ადამიანის ხაზგასმით ქართული სილამაზე მოგვევლინა როგორც საქართველოს წარსულის, დღევანდელობის და მისი ბუნების ნაწილი. ამიტომ იყო, რომ მისი მშვენება ასეთ ჰარმონიაშია საქართველოს ბუნებასთან, თავისი სახის სილამაზის მეშვეობით მან თითქოს წაშალა საზღვარი სინამდვილესა და ხელოვნების სამყაროს შორის“… ამ ადამიანს დღეს 108 წელი შეუსრულდებოდა... დიახ ეს ნატო ვაჩნაძეა, ქალი, რომლის მშვენიერებას შემოდგომა არ დასდგომია... რაც გომბორის მთას უთქმელი დარჩა, რაც ალაზნის ველს დარჩა სათქმელი, ის შენში არის! _ ოცნების ფარჩა და სილამაზის ნაზი ნამქერი. ნატო ვაჩნაძე მართლაც რომ ქართული კინოს მშვენება იყო, ქალი-ლეგენდა, რომელმაც გამოჩენისთანავე აალაპარაკა მთელი საბჭოეთი. როცა მისი შესრულებული როლები იხილეს ჰოლივუდში, გაკვირვება ვერ დამალეს და თქვეს: "ეს საოცრებაა!" საოცარი და ულამაზესი ნატო კი ასე აღმოაჩინეს: 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომაა თბილისში. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ნება-ნება დასეირნობს და ფილმის, "მამის მკვლელის", მთავარ გმირს დაეძებს ყველგან - ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე. როცა ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ნატიფმა და ძალიან სათნო სახემ მიიზიდა, აღფრთოვანებული დარჩა ფოტოსურათით. გახარებული შევარდა ფოტოატელიეში და მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო. იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი... ჩამოვიდა ნატო თბილისში და მაშინვე ხმა გავარდა - ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო. ჯერ "მამის მკვლელი" გამოვიდა, მერე ვლადიმერ ბარსკის "არსენა ყაჩაღი". მალე გამოვა მესამე ფილმიც - "სამი სიცოცხლე" და ნატო საკავშირო დიდებას მოიხვეჭს. ნატო ვაჩნაძე 1904 წელს დაიბადა, ვარშავაში. მამა - გიორგი ანდრონიკაშვილი იყო, დედა კი - პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია, რომლის ბებიაც ოპერის ცნობილი მომღერალი, იტალიელი ვოზოლი გახლდათ. მამა ადრე მოუკვდა ნატოს, პოლონელმა ქალმა ოთხი ობოლი ქმრის მიტოვებულ, განადგურებულ მამულში წაიყვანა კახეთში. შემდეგ ნატო და მისი უფროსი და, კირა, თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ. ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, სწავლის დამთავრებას აღარც დაუცადა, მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად მოიყვანა. ვაჩნაძესთან ნატოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს. ამასობაში კი ქართულ კინოსამყაროში დიდი ნაბიჯებით მოემართებოდა ქარიზმატული ნიკოლოზ შენგელაია. ამ ორ ადამიანს წინ ელოდა დიდი სიყვარული, სწორედ ისეთი, ყველაფერზე რომ უარს ათქმევინებს ადამიანს იმ ერთადერთი, ადიდებულ მდინარესავით წამოსული გრძნობის გარდა. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს: ერთი თბილისური საღამოა, სადაც ზეიმობს ლექსი და სიმღერა. თბილისელებმა მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა, დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ და დასჭექა: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო... და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა ,ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი - გიორგი. ამბობენ, ნატოს სტალინი სწყალობდა, სამაგიეროდ, ბერია უმზერდაო ავად. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნატოს საყვარლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. რაც შეეხება ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებით ცხოვრებას, სიკვდილამდე მან მოასწრო და გადაიღო "ნარინჯის ველი" და "შავ მთებში". ვეღარ დაასრულა ფილმი "ის კიდევ დაბრუნდება"... ვერც ის დაბრუნდა - კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა. თავზარდამცემი იყო ნატოსთვის მეუღლის სიკვდილი. შვებას ერთ რამეში პოვებდა - მიუჯდებოდა თავის "პობედას" და კახეთისკენ მიქროდა. ყოველთვის ჩერდებოდა იმ ადგილას, სადაც ნიკოლოზი დაიღუპა. თითქოს შორს გადაკარგულ ქმარს ელოდებაო, საათობით იდგა გარინდებული. 1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა საქმეზე, იქიდან მოსკოვში გამოიარა. თბილისისკენ არც ერთი ბილეთი არ დახვდა. მაშინ მორიდებით უთხრა მოლარეს, რომ სახალხო არტისტი ნატო ვაჩნაძე იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გახარებულმა მოლარემ, აქაოდა, ამისთანა ადამიანი მესტუმრაო, ჯავშანი მოხსნა... ასე ერგო ნატოს საბედისწერო ბილეთი. მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ, მაგრამ მაშინ ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ნატო ბერიას შურისძიების მსხვერპლი გახდა. ალბათ, ვარსკვლავმა ეშხი გაგიყო - ეცილებოდი მას ხომ ტოლივით, ნუთუ თბილისი ღირსი არ იყო, ენახე ნაზად თმადათოვლილი. მრავალი ასეთი სტრიქონი იბადებოდა მისი სიკვდილის დღეებშიც და მერეც. იდგა ნამდვილი სახალხო გლოვა. ტიროდა ხალხი, როგორც შეიძლება ხალხმა დაიტიროს სიკვდილი მშვენიერებისა. არ დაიჯეროთ! _ გულს ხომ არ სჯერა, _ ის თვითმფრინავი აგერ მოფრინავს, მოულოდნელი ხანძრის გაჩენა კინოსურათის კადრი ყოფილა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები