2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საინტერესოა, იმიტომ გაგიჟდა, რომ ხატავდა, თუ გიჟი იყო და იმიტომ ხატავდა?“

ჩამოტვირთვა

“ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.“–ეს ვინსენტ ვანგოგის სიტყვებია - მხატვრისა, რომელმაც ცხოვრება დიდ გაჭირვებაში გალია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ყოველი შემთხვევისთის, დღემდე ასე მიიჩნეოდა, თუმცა უცხოურმა პრესამ სენსაციური აღმოჩენა გამოაქვეყნა. ხელოვნებათმცოდნეები - სტივენ ნაიფი და გრეგორი უაიტ სმიტი, ამტკიცებენ, რომ ვან გოგს თავი არ მოუკლავს და ის თინეიჯერმა მოკლა. მათ ამის შესახებ ახალ წიგნში დაწერეს და ამტკიცებენ, რომ მხატვრის მეგობრის უმცროსი ძმა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხელოვანს აბუჩად იგდებდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს კი ბიჭმა შემთხვევით გაისროლა და მხატვარი დაჭრა. ვინსენტ ვან გოგი 1853 წლის 30 მარტს თეოდორუს ვან გოგისა და ანა კორნელიუს კარბენტუსის ოჯახში, ბრაბანტის ჰოლანდიური ნაწილის პატარა სოფელში დაიბადა. ვინსენტს ბავშვობაში კითხვა შეუყვარდა. წლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებს, რომლებშიც სიღარიბის, გლეხებისა და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილი. უყვარდა დუმილი, მინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოვება; ლონდონში გადასვლისას ვინსენტმა სახლის მეპატრონის ქალიშვილი, ეჟენი ლოიერი გაიცნო, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა ცოლობაზე უარი მიიღო. სიყვარულში ამ პირველმა იმედგაცრუებამ ღრმად დაანაღვლიანა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად მან ბიბლიის კითხვა დაიწყო და ისე მხურვალედ გაიტაცა რელიგიამ, რომ გადაწყვიტა, ამსტერდამში თეოლოგიის დასაუფლებლად ჩასულიყო, მოგვიანებით ბორინაჟში გაემგზავრა იქაური მაღაროელებისათვის სახარების საქადაგებლად. მალე ის ვასმში გაგზავნეს, სადაც ბარაკში ცხოვრობდა და თივაზე ეძინა, ვინაიდან ყველაფერი, რაც კი ებადა, თავისზე უფრო გაჭირვებულებს დაურიგა. მისმა საქციელმა ვან გოგის უფროსები გააღიზიანა, იგი კუესმში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ პურსა და წყალს მიირთმევდა, რათა ნამდვილი ღატაკების გასაჭირი უკეთ გაეგო. ორი ხანგრძლივი წელიწადის განმავლობაში, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანივით ცხოვრობდა, მას ვერავინ გაუგო. იმის გამო, რომ ქადაგება აუკრძალეს, მან გადაწყვიტა თავი ხელოვნებისათვის მიეძღვნა: ხელოვნებისთვის, რომელიც თავისებურად გარდაქმნიდა. „აქ საგნები ყოვლისმომცველ, გიჟურ და თვალისმომჭრელ ნათებას გამოსცემენ. აქ მთელი მატერია, მთელი ბუნება შმაგად იგრიხება და სიმწვავის უმაღლეს წერტილს აღწევს. აქ ფორმა კოშმარად გარდაიქმნება, ფერი ცეცხლის ენებად, ვულკანის ლავად და ძვირფას ქვად დნება, სინათლე ხანძრად იქცევა, ცხოვრება – ციებ-ცხელებად…“–ასე აფასებდნენ ვან გოგის შემოქმედებას მაშინდელი კრიტიკოსები.. 1881 წლის 12 აპრილს ვან გოგი მშობლებთან, ეტენში ბრუნდება და დაუღალავად ხატავს სოფლის მცხოვრებლებს, ქალებს საოჯახო საქმიანობისას და ბუნების სურათებს. ზაფხულის დამდეგს რამდენიმე დღით ვან გოგებს ნათესავი – კეი ვოსო ესტუმრა. ქალი დაქვრივებული იყო და ოთხი წლის ბავშვი ჰყავდა. ვინსენტს იგი შეუყვარდა, მაგრამ ქალისაგან უარი მიიღო, რაც მისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუების მიზეზი გახდა. მან მართალია, ნელ-ნელა დაივიწყა თავისი დეიდაშვილი კეი, მაგრამ ერთგან წერს: „არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია უსიყვარულოდ სიცოცხლე. მე ვნების კაცი ვარ. ქალი უნდა ვიპოვო, თორემ გავიყინები და ქვად გადავიქცევი.“ როგორც ყოველთვის, იგი სხვაგან მიემგზავრებოდა, როგორც კი ირგვლივ სიცარიელეს იგრძნობდა. პარიზში ვან გოგმა ფერი აღმოაჩინა, არლში კი სინათლე ჰპოვა, სინათლე, რომელიც ათასფრად ციმციმებდა მის ტილოებსა და წერილებში. სწორედ ამ დროს მოიცვა მთელი მისი ფიქრები მზესუმზირებმა. „ცხოვერებაში, ისევე როგორც ფერწერაში, შემიძლია, ღმერთის გარეშეც გავძლო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელია, უტანჯველად დავთმო ის, რაც ჩემზე ძლიერია, რაც ჩემი ცხოვრების აზრს შეადგენს, ეს არის შემოქმედების ძალა.“ – ამბობდა ვინსენტი. რაც შეეხება მის სულიერ მდგომარეობას, ამბობდნენ გაგიჟდაო, „საინტერესოა იმიტომ გაგიჟდა რომ ხატავდა, თუ გიჟი იყო და იმიტომ ხატავდა“. ერთი კია ვინსენტის შემოქმედება ერთი დიდი წყურვილი იყო სიცოცხლისა, რომელიც აღსრულდა და მარადიულ ცხოვრებად იქცა მისი შემოქმედებისათვის. 1890 წლის 29 ივლისს, ღამის პირველ საათზე კი დიდმა მხატვარმა სული დალია. „ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,“ – ასეთი იყო ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები. წლების შემდეგ მისმა პორტრეტმა მსოფლიოს ძვირადღირებული ნახატების სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ვანგოგის გარდაცვალების ახალ ვერსიას, მკვლევარები მხატვრის ახალი ბიოგრაფიის დასაწერად მასალებს 10 წლის განმავლობაში აგროვებდნენ, თუ რა აღმოაჩინეს მათ, ამას მსოფლიო ხვალ გაიგებს, რადგან სწორედ ხვალ შდეგება ახალი წიგნის პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები