2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სააკაძის მოედანს პარკირების 60 ადგილი დაემატება, პეკინზე კი ველოსიპედებისთვის 900-მეტრიანი ზოლი გამოიყოფა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო.

კერძოდ, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება.

„ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ამ კვირის ბოლომდე მთავრდება მარცხენა მხარეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება, რომლის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს. პარალელურად, გაგრძელდება ტროტუარზე მიმდინარე სამუშაოები. დღეის მდგომარეობითაც გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა არ გვაქვს და შესაბამისად, ყველა ორგანიზაცია მუშაობს მაქსიმალურად კოორდინირებულად, რათა სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დავამთავროთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

„დღევანდელ სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის: როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე „Bus lane”-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები