0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი სტარტაპერი და LAAP STUDIO მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად პარტნიორობას იწყებენ

 

მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით, თიბისი სტარტაპერმა და კომერციული ფოტოგრაფიის სტუდია LAAP STUDIO-მ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტი წამოიწყეს. თიბისის პროექტი სტარტაპერი სტარტაპ კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — “თაიას”, “N9 Gallery-სა” და “ჩინის” - საკომუნიკაციო კამპანიას უგეგმავს, რომლის ფარგლებში საჭირო ყველა ტიპის კონტენტს LAAP STUDIO სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

 

LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც მისი დამფუძნებელი  ავთანდილ გასვიანი აღნიშნავს,  ერთ-ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.

 

სწორედ ვიზუალური კონტენტია ის, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს, როცა მისთვის საინტერესო პროდუქტს ეძებს. ამ მასალების დახმარებით ექმნება მას წარმოდგენა როგორც პროდუქციაზე, ისე მთლიანად – ბრენდზე, შესაბამისად, მაღალი ხარისხის, ყველასგან გამორჩეული ფოტო და ვიდეო მასალების შექმნას განსაკუთრებული ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და რესურსი სჭირდება. 

 

“ბაზარზე მრავალი ტიპის სტარტაპს შეხვდებით — ისინი მართლაც გამორჩეულ პროდუქტებს ქმნიან და ამავე დროს, ბევრ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით — საწყის ეტაპზე. მათ კონკურენციის გაწევა უწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდებთან, მაგრამ, როგორც წესი, დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო ბიუჯეტი არ აქვთ. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ უწყვეტი კომუნიკაციისთვის ფოტომასალებიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს, შესაბამისად, მათ არ აქვთ რესურსი, სტუდიებს სისტემატურად დაუკვეთონ პროფესიონალური ფოტომომსახურება — ეს დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ვიწყებთ ამ პროექტს და შესაძლებლობა გვაქვს, სტარტაპებს დავუჭიროთ მხარი”, — აღნიშნავს ავთანდილ გასვიანი.

 

ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტეს, აქტიურად დაეწყოთ თანამშრომლობა სტარტაპერთან და პროექტში ჩართული მცირე ბიზნესებისთვის შეეთავაზებინათ პროდუქტის ფოტოსესია, საიმიჯო პრინტ კამპანია, კატალოგისთვის ფოტოსესია და სხვა სერვისები, რომლებიც ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

“თიბისიმ პროექტით სტარტაპერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშნელოვან საქმეს ემსახურება და ძალიან ეხმარება ანტრეპრენერებს განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება როგორც მთლიანი ეკოსისტემისთვის, ასევე კონკრეტული სტარტაპებისთვის, რადგან ვიზუალური კონტენტი მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, — ამბობს ავთანდილი.

 

LAAP STUDIO-მ უკვე გადაიღო პირველი სტარტაპის, “თაიას”, პროდუქტები —  ქართული ეთნო სახლების მცირე მოდელები. პროექტის ფარგლებში, სტუდია სტარტაპისთვის მრავალფეროვანი კონტენტის ნაკრებს ქმნის. ნაკრები მოიცავს როგორც პროდუქტის სტანდარტულ ფოტოებს, რომლებიც პორტფოლიოსთვის ან სოციალური ქსელებისთვისაა განკუთვნილი, ისე გაყიდვებზე ორიენტირებულ ფოტომასალას — სხვადასხვა განწყობითა და სტილით. ამასთან, იქმნება სტოპმოუშენ კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია პროდუქტის შექმნის პროცესი და ნაკრების ნაწილია მცირე ვიდეოც, რომელიც მნახველებს სტარტაპის ისტორიას გააცნობს. კონტენტის ნაკრები, ამ ეტაპზე, შეიქმნება “N9 Gallery-ისთვის”, რომელიც საგამოფენო სივრცეა ახალგაზრდა არტისტებისთვის და “ჩინისთვის”, რომელიც ჩემოდნებისთვის გამორჩეული ესთეტიკის გარსაცმებს ქმნის. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები