1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფო ბედიას ქმარმა ,,ნისან მურანო" აჩუქა

მომღერალი სოფო ბედია საკუთარი მატერიალური მდგომარეობით კმაყოფილია. 

ახლობელი ადამიანებისგან ვალის აღებას ერიდება, მაგრამ ყოველთვის მზად არის, მათ გარკვეული თანხით თავად დაეხმაროს. "ფულის შეგროვებას ვერასდროს ვახერხებ, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ცოტაოდენი დანაზოგი ყოველთვის მაქვს," - ამბობს მომღერალი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქმრომ ავტომობილი აჩუქა. 


- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- დიახ, მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. 18 წლიდან ვცდილობ, საკუთარი მოთხოვნები თავად დავიკმაყოფილო. არასდროს ვაწუხებდი ოჯახის წევრებს იმის გამო, რომ რაღაცის შეძენა მინდოდა. 

- პირველი ჰონორარი რა ასაკში აიღე?

- პირველად ჰონორარი "ნუცას სკოლაში" მონაწილეობის შემდეგ მომცეს: რაღაც კონცერტზე მიმიწვიეს და თუ არ ვცდები, 200 ლარი გადამიხადეს. ამ თანხით ისეთი რაღაცები შევიძინე, რაც მაშინ ძალიან მჭირდებოდა.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- (იცინის) ეს არასდროს გამომდის. მაქვს ხოლმე ამის მცდელობა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კრახით მთავრდება.

- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?

- არა, არ მქონია. ეტყობა, ამის სურვილი არ გამომითქვამს, თორემ მშობლები აუცილებლად მომიტანდნენ.

- ფინანსური კრიზისი ბევრჯერ გქონია? ასეთ დროს დასახმარებლად ვის მიმართავ ხოლმე?

- ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, მატერიალური კრიზისი ყველას ჰქონია. განებივრებული ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. იყო დრო, როცა ჩემს ოჯახს მატერიალურად უჭირდა, მაგრამ მაშინაც არავინ შემიწუხებია. რაც გვქონდა, იმით გაგვქონდა თავი. დაღმართს ყოველთვის მოსდევს აღმართი, კრიზისმა ადამიანი არ უნდა შეაშინოს. მთავარია, გონება მოიკრიბო და დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ შეძლებ ამა თუ იმ პრობლემის დაძლევას.

- შენს ოჯახს ასე რატომ უჭირდა, მშობლები არ მუშაობდნენ?

 დადაც მუშაობდა და მამაც. მაგრამ მაინც არ გვქონდა დალხენილი, უპრობლემო ცხოვრება. დედა პროფესიით იურისტია. რაღაც პერიოდი, შვილების გამო უარი თქვა სამსახურსა და კარიერაზე... იმ პერიოდში, როცა ბავშვი ვიყავი, მატერიალურად არა მარტო ჩემს, არამედ ძალიან ბევრ ოჯახს უჭირდა.

- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- ყველაზე დიდი სიამოვნებით და დაუნანებლად ფულს სამოსში, სამკაულებში ვხარჯავ. რამე თუ მომეწონება და ფული მაქვს, შეუძლებელია, სასურველი ნივთის ყიდვისგან თავი შევიკავო.

- თუ შეგიძლია, გაიხსენე მომენტი, როცა ფულის სესხება დაგჭირდა და დახმარების ხელი ვერავინ გამოგიწოდა?

- ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. ჩემს პრობლემებს სხვებს თავს ვერ მოვახვევ. მირჩევნია, თავად ვიწვალო და ისე გამოვიმუშაო საჭირო თანხა, ვიდრე ახლობელი ადამიანები შევაწუხო, ვალი დავიდო.

- თავადაც არასდროს გაგისესხებია ფული?

- კი, გამისესხებია, თანაც - ბევრჯერ. ფული თუ მაქვს, ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარს არასდროს ვეუბნები.

- ოდესმე, ოფიციალური სამსახური თუ გქონია, სადაც ხელფასს ყოველთვიური იღებდი?

- არა, ყოველთვიური ხელფასი არ მაქვს. ვმუშაობ ისეთ ადგილებში, სადაც ხელფასს ყოველდღიურად მაძლევენ და იქიდან გამომდინარე, რომ ფულის სესხება არ მიყვარს, ვცდილობ, საკუთარი შემოსავალი ისე გადავანაწილო, რომ დახმარების სათხოვნელად არავის მივადგე.

- ბევრს შრომობ იმისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნო?

- დიახ, დაუღალავად ვშრომობ. მიხარია, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. 2 რესტორანში ვმუშაობ და ჩემი აზრით, საკმაოდ გემოვნებიანი რეპერტური მაქვს, რაც მაძლევს საშუალებას, თავი კომფორტულად ვიგრძნო.

- ფულის შეგროვება არ გამოგდის?

- ფულის შეგროვება მიყვარს, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. სულ ვცდილობ, თანხა არ გავფლანგო, მაგრამ დიდ დანაზოგს მაინც ვერ ვაკეთებ.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რაც საჩუქრად მოგართვეს.

- 3 თვის წინ საქმრომ "ნისან მურანოს" ჯიპი მაჩუქა. ეს იყო ყველაზე ძვირფასი და ღირებული საჩუქარი, რაც კი ოდესმე ჩემთვის გაუკეთებიათ. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ საყვარელმა ადამიანმა ასეთი სიურპრიზი მომიწყო.

 როგორი მძღოლი ხარ?

- ძალიან ფრთხილი, მოწესრიგებული მძღოლი ვარ, ამიტომ ჯარიმებში ფულის გადახდა არასდროს მიწევს. 

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- საკმაოდ ხშირად. ფულს ძირითადად, მშობლები და ოჯახის ახლობლები მჩუქნიდნენ ხოლმე, რაც ძალიან მიხაროდა.

- საკუთარი შრომით მოპოვებული თანხით რაიმე ღირებულის შეძენა თუ მოახერხე?

- როგორ არა! თავად შევიძინე სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ.

- საფულე შენთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია?

- საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიყვარს ლამაზი, ორიგინალური საფულეების შეძენაც და ტარებაც.

- მასში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- (იცინის) კი, თან - საკმაოდ ხშირად. აბა, რამდენი დავხარჯე, რამდენი დამრჩა ხომ უნდა ვიცოდე?!

- გარდერობს ხშირად აახლებ?

- ვფიქრობ, შოპინგი ყველა ქალს უყვარს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. გარდერობის განახლებაზე სეზონურად ვზრუნავ. ჩემი შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს სწორედ შოპინგში ვხარჯავ.

- ძვირად ღირებულ კოსმეტიკას იყენებ?

- დიახ. ჩემი სახის კანი მუდმივად მოითხოვს ზრუნვას. იქიდან გამომდინარე, რომ სცენაზე ვდგავარ, თითქმის ყოველდღე მიწევს მაკიაჟის გაკეთება. ჰოდა, ვცდილობ, უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკა შევიძინო. 

როგორ ფიქრობ, ბევრი ფულით წარმატების მიღწევა იოლია?

- ნამდვილად ასეა! თუ ბევრი ფული გაქვს, შენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.

- შენი აზრით, ყოველთვიურად დაახლოებით რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ მშვიდად, ზედმეტი პრობლემების გარეშე იცხოვრო?

- დაახლოებით 3.000 ლარი მაინც უნდა გქონდეს შემოსავალი, რომ მშვიდად იცხოვრო და არაფერზე ინერვიულო. ეს ის თანხაა, რომელიც ყველა ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- საბანკო მომსახურებით თუ სარგებლობ?

- კი, ვსარგებლობ. ახლაც, კრედიტი მაქვს გამოტანილი. ვალს ყოველთვიურად, თავის დროზე ვიხდი.

- დაბოლოს, ბევრი ფული რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?

- დავეხმარებოდი ყველა გაჭირვებულს, დავაბინავებდი უპატრონო და მიუსაფარ ადამიანებს. აუცილებლად მოვიფიქრებდი რაიმე ისეთ პროექტს, რომ ჩვენს ქვეყანაში მათხოვრად ქცეული ადამიანები აღარავის ენახა.


gzapress.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები