0 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე.. საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, იქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი - პრემიერი

საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ; პატრიარქის კურთხევით, იქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

„თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ - მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, იქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა. მე მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს ქრისტოფორუს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები