0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს

N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ.

„ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი - სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას.

პარალელურად ინტენსიური PCR ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებაშიც და ტესტირების შედეგების სრულად მიღების შემდეგ, საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.

ამასთანავე, 22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ.

ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს covid-19 დაუდასტურდა, სიცრუეა. მოცემული პირი ასევე იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება გასული წლის ბოლოს დაიწყო და უახლოეს დღეებში ეს პროცესი მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები