2 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"დედაჩემისთვის ტრანსგენდერობა კი არ იყო მიუღებელი, საზოგადოების რეაქციის ეშინია"

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" 23 წლის ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას ისტორიას ავრცელებს.

მირანდა ფაღავა, 23 წლის, თბილისი:


"ბავშვობიდან ჩემს თავს გოგოდ აღვიქვამდი. ბიჭის სახელი მქონდა, თორემ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი სხვა გოგოებისგან. 11-12 წლიდან ასაკიდან დავიწყე იმაზე სერიოზულად ფიქრი, თუ ვინ ვიყავი. ჩემ გარშემო ისეთი ჰომოფობიური გარემო იყო, მძიმე დეპრესიაში ვიყავი, თავი ცუდი ადამიანი მეგონა, ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა საკუთარ თავზე. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდვი, რომ იმაში, რომ ტრანსგენდერი ვარ საშინელი და გასაოცარი არაფერი იყო.


სკოლა


პატარაობიდან, რაც თავი მახსოვს, ფემინური ვიყავი და თოჯინებით ვთამაშობდი. ისეთივე ინტერესები მქონდა, როგორიც გოგოებს, დაქალები მყავდა და გარდატეხის ასაკამდე ბავშვობის თბილი და კარგი მოგონებები მაქვს. როცა 11-12 წლის გავხდი, ასაკში, როცა ბიჭებისა და გოგოების ინტერესები მკვეთრად იყოფა, სკოლაში შემექმნა პრობლემები. მე ისეთი არ ვიყავი, როგორიც ჩემი ტოლი ბიჭები იყვნენ, მათ აინტერესებდათ ფეხბურთი, ჩხუბი, ისეთ თემებზე საუბრობდნენ, რაც მე არ მაინტერესებდა. საქმის გარჩევები ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის მერჩივნა გოგოებთან მეთამაშა, რომლებთანაც შემეძლო მოდაზე და კაბებზე მესაუბრა. მათთან არასოდეს მქონია პრობლემა, პირიქით, ხშირად მახსოვს, რომ აგრესიულად განწყობილი ბიჭების თავდასხმებისგან მიცავდნენ, მესარჩლებოდნენ და ჩემს დასახმარებლად დაპირისპირებებიც ჰქონიათ კლასში. სკოლაში მასწავლებლებთანაც მქონდა პრობლემები. მახსოვს, ერთხელ, ერთ-ერთ მასწავლებელს შევუსწარი კლასში, როცა ჩემს კლასელებს ჩემ მიმართ უარყოფითად განაწყობდა.


ოჯახი


8 წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა. დედაჩემს ბავშვობიდან ასეთი ვახსოვარ და კაბაშიც ძალიან ხშირად ვყავარ ნანახი. როგორც კი ვიხელთებდი, რომ დედაჩემი არ იყო სახლში, კაბას ვიცვამდი. თავიდან, რა თქმა უნდა მიპროტესტებდა, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მიხვდა, რომ ჩხუბს აზრი არ ჰქონდა და შეეგუასავით. ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით, რომელსაც ხის იატაკი ჰქონდა და მეორე სართულზე ვიყავი სულ და ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი. დედა მეუბნებოდა, მეზობლები რომ მოდიან მაშინ მაინც ნუ იცვამ ქუსლიან ფეხსაცმელებს, თორემ კაკუნის ხმა ჩამოდისო. მე არაფერს მერჩოდა, ერთადერთი, რაც აწუხებდა ის იყო, რომ სხვას არ გაეგო და არ დაენახა. ზოგადად, როცა დედაჩემთან ქამინგაუთი გავაკეთე, ის კი არ ჰქონდა პრობლემა, რომ მე ტრანსგენდერი ვიყავი და ასე უნდა მეცხოვრა, არამედ ის, თუ რას იტყოდნენ მეზობლები და ნათესავები. მეუბნებოდა უმცროსი ძმა გყავს და მასაც ცხოვრებას უნგრევ, წადი საქართველოდან და რაც გინდა ის გააკეთეო. მისთვის ტრანსგენდერი ქალი კი არ არის მიუღებელი, მას საზოგადოების რეაქციის ეშინია.


თავიდან, ჩემს ძმასთანაც მომიწია რამდენიმეჯერ ჩხუბი, მაგრამ დღეს ჩვენს სანათესაოში, სამეზობლოში თუ სხვაგან, ჩემი ძმა ჩემი ყველაზე დიდი დამცველია. ერთხელ მახსოვს, 16 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, როცა ყურები გავიხვრიტე. სამეზობლოს "ბირჟის კაცები" მოგვადგნენ ამის გამო და მეძახნდნე რომ გავსულიყავი, ალბათ ჩემს საცემად მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია, გავიდა და ამ ხალხს დაუდგა, არავისი საქმე არ არის ის რას გააკეთებს, ჩემია და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია ჩემთანაც არ ჰქონედს ურთიერთობაო. იცით, როცა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა გაქვს, საზოგადოება, მეტ-ნაკლებად, იძულებული ხდება რომ შეეგუოს ამ ამბავს. თუ ოჯახი გვერდში არ დაგიდგა, ყველა გადაგივლის.


ჩემი ძმის ეს დამოკიდებულება ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ დედაჩემი მთელი დღე როცა მუშაობდა, ჩემი ძმის აღზრდა თუ პატრონობა მთლიანად ჩემზე იყო. მის სკოლაში კრება რომ იმართებოდა, მანდაც კი მე დავიოდი. გაკვეთილების მომზადება და საჭმელიც ჩემზე იყო.


ახლა ფოთში საერთოდ აღარ ჩავდივარ. 17 მაისის აქციის დროს გაიგეს ჩემმა ნათესავებმა ჩემზე და ამის გამო დედასთან დამეძაბა ურთიერთობა. თუმცა, ძმასთან, რომელიც ახლა თურქეთშია, მუდმივად ვსაუბრობ სკაიპით.


ახლანდელი მდგომარეობა


პირადობაში მიწერია მირანდა. სახელის შეცვლა არანაირი პრობლემა არ არის, რასაც ეტყვი იმას ჩაგიწერენ, ოღონდ, მხოლოდ ერთხელ შეგიძლია სახელის შეცვლა. პრობლემა სქესის ჩანაწერის შეცვლაა, რომლისთვისაც სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთს ითხოვენ. ევროპაში, თუ ფსიქიატრის დასკვნა გაქვს გენდერულ დისფორიაზე, ამ საბუთის საფუძველზე შესაძლებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლა. ერთი კვირის წინ, როცა იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტში სქესის შეცვლაზე განცხადება შევიტანე და უარი მივიღე, ვკითხე, თუ რომელი კანონის საფუძველზე იყო უარი, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. ეს საკითხი კანონით რეგულირებული არ არის, უბრალოდ არსებობს მახინჯი პრაქტიკა, რომელიც არის უარის საფუძველი. ასევე, არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ფსიქიატრის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს დოკუმენტში სქესის შეცვლა. ამჟამად, სტრასბურგის სასამართლოში 3 ტრანსგენდერი კაცის საქმეა შეტანილი. დარწმუნებული ვარ ამ საქმეებს მოვიგებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადობაში არ მეწეროს "მამრობითი" სქესი. რომ გაჩვენოთ პირადობა, სურათი მაქვს ისეთი, როგორც გამოვიყურები, სახელი ქალის მაქვს და სქესი "მამრობითი" მიწერია. აბსურდია. მე რომ დარწმუნებული არ ვიყო იმაში, რომ თავიდან ბოლომდე ტრანსექსუალი ქალი ვარ, სახელს არ შევიცვლიდი. ჩემი ცხოვრება ეს არის. ერთ დღეს არ გამიღვიძია და ხასიათი არ მომსვლია, აი, მე ქალობა მინდა და სახელს შევიცვლი. ეს მე ვარ!


იმის გარდა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები მომსახურების სფეროში ძალიან დიდი პრობლემას აწყდებიან, იქნება ეს პოლიცია თუ სამედიცინო დაწესებულება, ასევე, ძალიან მძიმეა დასაქმების პრობლემა. პირველ რიგში დასაქმების პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ბევრ მათგანს განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მე გამიმართლა, ოჯახის მხრიდან მქონდა მხარდაჭერა, უმაღლესი განათლება მივიღე და ამჟამად "თანასწორობის მოძრაობაში" ვარ დასაქმებული. მაგრამ მათი უმეტესობა 14-15 წლის ასაკიდან სახლიდან არიან გამოგდებული და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ჩვენი ქვეყანა იმ დონეზეც არ არის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანმა მომსახურების სფეროში მაინც შეძლოს მუშაობის დაწყება (რესტორანში, კაფეში) და სექს მუშაკობა არ უწევდეს.


მე მირჩევნია საზოგადოება მხედავდეს და აღმიქვამდეს, როგორც ძლიერ ადამიანს, ვიდრე მსხვერპლს. ჩემი სტილი არ არის დაჩაგრულის პოზიციიდან საუბარი. პირიქით, მე კი არ ვითხოთ რაღაცას, არამედ მოვითხოვ. მე ვარ ადამიანი, მაქვს ჩემი უფლებები და ვიბრძვი ამ უფლებების რეალიზებისთვის. 
განა ყველა ადამიანის სიყვარულს ვითხოვ?! - არა, უბრალოდ, ვისაც არ ვუყვარვარ, ნუ შემეხება. მე მყავს ჩემი სამეგობრო წრე, მყავს ადამიანები, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ, საზოგადოებამ მაცალოს ცხოვრება, სხვა არაფერი მინდა".


ავტორი: ნინო გამისონია.
ფოტო: ნინო ბაიდაური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები