0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ - 2023 წლის დეკლარაციების შემოწმებით დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის შემოსავალი მიიღო - ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12,742,941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13,138,636) კი - კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი);

„15 პოლიტიკური პარტიიდან 6-მა პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13,138,636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს; „ქართულმა ოცნებამ“ 11 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო (ჯამური შემოწირულებების 85%). არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა; „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

ამასთან, 2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო, საიდანაც 14 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ერთი - პარტია „ლელოსთან“; საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამავე პერიოდში ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შესწირეს; 2023 წელს რთვლის წინა პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა 1 მილიონ ლარამდე შესწირეს; 2023 წელს შემომწირველებთან დაკავშირებულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2023 წლებში - 30 მილიონ ლარზე მეტი რთვლის სუბსიდია.

რაც შეეხება სხვა, სავარაუდოდ მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებებს, მსხვილი ბიზნესჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქციური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა. „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად სავარაუდოდ ფიქციური დონორების გამოყენების პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან და „ანაგი“ ჯგუფთან დაკავშირებით; ფიქციური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შესწირეს მმართველ პარტიას.

მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება გართულებულია; ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიების პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების შემთხვევების მონიტორინგის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც აჩენს საფრთხეს, რომ ბიურო კანონის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტაციით სარგებლობს და პოლიტიკურად მოტივირებულია; 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოში გადაგზავნილი 12 საქმიდან ოთხ შემთხვევაში სასამართლომ სანქციის სახით შენიშვნა გამოიყენა, ერთ შემთხვევაში, გაფრთხილება, ერთ საქმეზე წარმოება შეწყდა, ხოლო დანარჩენ ექვს შემთხვევაში პარტიებს ჯარიმები შეეფარდათ, ჯამურად ჯარიმის თანხამ 25,700 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს რეკომენდაციით მიმართავს.

„მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები წლებია აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს შემოწირულებები წარმოადგენს კორუფციული სქემის ნაწილს, რომელიც მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და სხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ვალდებულებაა გამოიძიოს ასეთი შემთხვევები; თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციულმა ბიურომ მკაცრად უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონით და დაიცვას გამჭვირვალობის პრინციპები. ამ წინაპირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; ანტიკორუფციული ბიურო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილებებით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად ბიუროს უფროსის დანიშვნაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ; სასურველია, ანტიკორუფციულმა ბიურომ წლიური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ჩაამატოს ცალკე ფორმა, სადაც პარტიები მიუთითებენ „სხვა ფულადი შემოსავლების“ კატეგორიაში აღნიშნული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკრეტულ წარმომავლობას; სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკიც უფრო მცირეა”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები