1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩემ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ – კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ, რაც, მისივე შეფასებით, “გულდასაწყვეტია”.

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო.

დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ.

დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, უკრაინელებმა იგრძნონ, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩემ მოვალეობად მიმაჩნია სწორედ ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების დროისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი, ბუნებრივია, აქეთაა მიმართული.

შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს. უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ.

ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი – ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება – ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.

ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება – საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს.

ყველა ვალდებული ვართ დავინახოთ დიდი სურათი და ქვეყნის ინტერესებისთვის ვიმოქმედოთ – დროულად და ეფექტურად.

დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს.

მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში.

მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გაზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას – დეოლიქარგიზაცია, საქართველოს – დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს.

მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში.

ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის.

ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას.

რა თქმა უნდა ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას – მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.

ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე.

ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს – ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ!” – აცხადებს დავით კეზერაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები